ჩოგბურთი

3:31 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევი ATP-ს ფინალის ჩემპიონი გახდა

გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა, ATP-ს ფინალური ტურნირის ფინალში, მოქმედი ჩემპიონი, რუსი დანიილ მედვედევი 6-4, 6-4 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის ტიტული მეორედ მოიპოვა.

24 წლის ზვერევმა ფინალური შეხვედრა ისე მოიგო, მეტოქისთვის ერთი ბრეიკ პოინტიც არ მიუცია. მისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეექვსე ფინალი და მეექვსე გამარჯვებაა. მათ შორისაა ტოკიოს ოლიმპიადაზე და მადრიდის და ცინცინატის მასტერსებზე გამარჯვება.

ფინალში გასასვლელად, ზვერევმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ის მხოლოდ მეოთხე ჩოგბურთელია, რომელმაც სეზონის დამამთავრებელი ტურნირის ნახევარფინალსა და ფინალში, მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნების დამარცხება შეძლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ATP-ს ფინალის ჯგუფურ ეტაპზე, ზვერევმა მხოლოდ მედვედევთან წააგო. უფრო მეტიც, ამ ორი ჩოგბურთელის ბოლო ხუთივე შეხვედრა რუსს ჰქონდა მოგებული.

შეხვედრა იმით დაიწყო, რომ ზვერევმა შეხვედრის პირველი ხუთი ქულა დათმო. თუმცა მომდევნო 13 გათამაშებიდან 12 მოიგო, ბრეიკს მიაღწია და 3-1 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, კორტზე გერმანელი დომინირებდა. პირველი სეტი მან 33 წუთში მოიგო.

მედვედევს მოწოდებაზე ჰქონდა პრობლემები. ამით ისარგებლა ზვერევმა და მეორე სეტის პირველივე გეიმში მიაღწია ბრეიკს. მედვედევმა მალე შეძლო გაქვითვა, მაგრამ ამით თამაშს ვერ უშველა. ზვერევმა შეხვედრას წერტილი მერვე ეისით დაუსვა.

0.161842