ფეხბურთი

2:12 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს დაუმარცხებელი აღარავინ შემორჩა, შევჩენკოს დებიუტი 18 წლის განელმა ჩააშხამა

იტალიის სერია A-ში ანდრეი შევჩენკოს სამწვრთნელო დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა და ამაში დამნაშავე 18 წლის განელი ფეხბურთელი ფელიქს აფენა-გიანი გახლავთ.

შევჩენკოს „ჯენოამ“ „რომას“ უმასპინძლა და იმთავითვე საინტერესო იყო უკრაინელისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება, რომელიც ლონდონის „ჩელსიდან“ ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. გენუელები „რომას“, რომელიც ამ თამაშს ზედიზედ ორი წაგებით შეხვდა, 82-ე წუთამდე უძალიანდებოდა, მაგრამ მატჩს აბსოლუტურად მოულოდნელი გმირი გამოუჩნდა.

მოურინიომ 75-ე წუთზე თამაშში ელდორ შომუროდოვის ნაცვლად 18 წლის ფეხბურთელი ფელიქს აფენა-გიანი ჩართო და 2003 წელს დაბადებულმა შემტევმა „ჯალოროსის“ ფუნდამენტური სამი ქულა მოუტანა. აფენამ ანგარიში ჰენრიხ მხითარიანის პასით 82-ე წუთზე გახსნა, როცა კარგ პოზიციაში დარჩა და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო მეოთხე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და სალვატორე სირიგუს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. ამრიგად, 18 წლის განელმა დუბლი შეასრულა და ისტორიაშიც შევიდა: ის 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა. მოურინიოს ახალბედა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა და „რომა“ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო შევჩენკოს „ჯენოა“ 13 ტურში ერთადერთი მოგებით გასავარდნ ზონაშია.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა. სიმონე ინძაგის გუნდი პიოტრ ზიელინსკის გოლით აგებდა, მაგრამ შემდეგ ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ივან პერიშიჩმა და ლაუტარო მარტინესმა დავიდ ოსპინას სამჯერ გაუტანეს. მიუხედავად კომფორტული უპირატესობისა, „ინტერი“ მაინც ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან. 79-ე წუთზე დრის მერტენსმა ულამაზესი გოლით სხვაობა შეამცირა, ხოლო დარჩენილ დროში აბსოლუტურად იდენტური სიტუაციიდან და პოზიციიდან ნეაპოლელებს ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ. ჯერ მარიო რუის სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა და სასწაულებრივ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხოლო შემდეგ დაახლოებით იმავე წერტილიდან, 4 მეტრიდან და ხელს რომ არავინ უშლიდა, მერტენსმა კარს ააცილა და „ნაპოლიმ“ ქულა ვერ მოიპოვა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა პირველად წააგო და სერია A-ს დაუმარცხებელი აღარავინ შემორჩა. არადა, ნეაპოლელებს შეეძლოთ „მილანის“ წაგებით ესარგებლათ და ერთპიროვნულად გალიდერებულიყვნენ, მაგრამ ახლა ისევ ორხელისუფლიანობაა შენარჩუნებული და „ინტერიც“ იქვეა - 4 ქულაში.

„სასუოლო“ – „კალიარი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 სკამაკა (37), 1:1 ბალდე (40), 2:1 ბერარდი (52), 2:2 ჟოაო პედრო (56)

„სალერნიტანა“ – „სამპდორია“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 დი ტაკიო (40, ა.გ), 0:2 კანდრევა (43)

„ბოლონია“ – „ვენეცია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ოკერეკე (61)

„ინტერი“ – „ნაპოლი“ 3:2 (2:1)

გოლები: 0:1 ზიელინსკი (17), 1:1 ჩალჰანოღლუ (25, პენ), 2:1 პერიშიჩი (44), 3:1 ლაუტარო მარტინესი (61), 3:2 მერტენსი (79)

„ჯენოა“ – „რომა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 აფენა-გიანი (82), 0:2 აფენა-გიანი (90)

თეგებისერია A
0.114046