ავტოსპორტი

1:31 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოჟიე მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა

ფრანგმა სებასტიან ოჟიემ რალის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მერვედ მოიპოვა. 37 წლის ოჟიემ სეზონის ბოლო რბოლა, მონცას რალი მოიგო და მეორე ადგილზე დატოვა თანაგუნდელი და ტიტულის მთავარი მოცილე უელსიდან, ელფინ ევანსი. ორივემ ერთად კი გუნდურ ჩემპიონატში, „ტოიოტას“ ტიტული მოაპოვებინა.

„როგორც ყოველთვის, ძალიან დამღლელი სეზონი იყო და ახლა მხოლოდ გამოფიტვას ვგრძნობ. ყველაფრის გაღება დამჭირდა ტიტულის მოსაპოვებლად. და ეს ამად ღირდა. ემოცია ამჯერად უფრო ძიერია იმის გამოც, რომ ჟულიანთან (ჟულიან ინგრასია, ნავიგატორი) ჩემს ერთობლივ მოგზაურობას ვამთავრებ. ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდით“, - განაცხადა ოჟიემ, ვისაც თავისი რვა ტიტული, ცხრა სეზონში აქვს მოპოვებული.

ოჟიე მეორე ყველაზე ტიტულოვანი მრბოლია რალის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მასზე ერთით მეტი ტიტული ასევე ფრანგს, სებასტიან ლოებს აქვს მოპოვებული. ის კარიერას ისევ „ტოიოტას“ პილოტად გააგრძელებს, ოღონდ ჩემპიონატის მხოლოდ რამდენიმე რბოლაში გამოვა და სავარაუდოდ, მორიგი ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება არ ექნება.

მონცას რბოლისას, ლეგენდარულ ავტოდრომზე ოჟიე კედელს შეეჯახა. მაგრამ ბედად, მანქანა სერიოზულად არ დაზიანებულა და მან რბოლა გააგრძელა. მან სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 54-ე გამარჯვება მოიპოვა.

ოჟიეს და ევანსს ბოლომდე უშეღავათო ბრძოლა ჰქონდათ. უელსელი ბოლოსწინა სპეც მონაკვეთზე დატრიალდა და მეტოქეს 7.3 წამის მოგების საშუალება მისცა. ამან ოჟიე დააწინაურა და მან ბოლომდე შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. საბოლოოდ, ოჟიეს 230 ქულა დაუგროვდა, ევანსმა კი ჩემპიონატი 207 ქულით დაასრულა. მესამეზე „ჰიუნდაის“ ბელგიელი ტიერი ნოივილი გავიდა (176 ქულა).

„ტოიოტამ“ სეზონის 12-დან 9 რბოლა მოიგო და 522 ქულა დააგროვა. მეორეზე გასული „ჰიუნდაის“ ანგარიშზე კი 463 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113635