ფეხბურთი

14:58 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

26 წლისწინანდელი მაისურით: ბუფონის დებიუტი დიდ ფეხბურთში

ჯანლუიჯი ბუფონს პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი ზუსტად 26 წლის წინ, 1995 წლის 19 ნოემბერს, „მილანთან“ შეხვედრაში ჰქონდა. მაშინაც და ახლაც, ლეგენდარული იტალიელი „პარმას“ ღირსებას იცავდა.

შთამბეჭდავი იუბილის (26 წელი პროფესიონალურ ფეხბურთში მართლაც წარმოუდგენელი დროა) აღსანიშნავად, ჯიჯი „კოზენცასთან“ იმ დიზაინის მაისურით ითამაშებს, რომელიც 26 წლის წინ „მილანის“ წინააღმდეგ ემოსა.

„26 წელი გავიდა და მე ისევ აქ ვარ. გუშინ, როგორც დღეს - მოედანზე. ორ დღეში ჩავიცმევ ამ მაისურს, რომელიც ჩემში ბევრ სასიამოვნო მოგონებას აღძრავს, რაც პროფესიონალურ ფეხბურთში ჩემს დებიუტს უკავშირდება 1995 წელს. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, „პარმას“ წარმატებისთვის“, - დაწერა ჯიჯიმ სოციალურ ქსელში.

როგორ შედგა 17 წლის ჯიჯის დებიუტი 26 წლის წინ? "პარმა" სერია A-ს მორიგ ტურში "მილანს" მასპინძლობდა და ძირითადი მეკარე ლუკა ბუჩი ტრავმირებული ჰყავდა. მთავარმა მწვრთნელმა ნევიო სკალამ კი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მეორე მეკარე ალესანდრო ნისტას სრულიად უცნობი 17 წლის ბიჭი ამჯობინა, რომელმაც ისიც არ იცოდა, რომ თამაშამდე გუნდური ფოტო უნდა გადაეღოთ და "პარმას" იმ დღის გუნდური ფოტო 10 ფეხბურთელისგან შედგება.

მიუხედავად ამისა, პატარა ჯიჯიმ თავისი უშუალო საქმე იცოდა. ბუფონის დებიუტი ფაბიო კაპელოს ვარსკლავური "მილანის" წინააღმდეგ შედგა და იმ დღეს მის კარს რობერტო ბაჯო, ჟორჟ ვეა, ზვონიმირ ბობანი, დეიან სავიჩევიჩი და მარკო სიმონე უტევდნენ. მიუხედავად ამისა, მას ვერავინ აჯობა და "პარმას" ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 0:0!

მატჩის შემდეგ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ "პარმას" რიგებში საუკეთესო დებიუტანტი ჯანლუიჯი ბუფონი იყო. იტალიელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ არასდროს უნახავს ასეთი მეკარე 17 წლის ასაკში.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ 1995-2001 წლებში თამაშობდა და მშობლიურ გუნდს გასულ ზაფხულს ზაფხულს დაუბრუნდა. ჯიჯიმ 2001-2018 და 2019-2021 წლებში „იუვენტუსში“ 19 სეზონი გაატარა, ხოლო 2018-2019 წლებში „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში ირჯებოდა. ბუფონს "პარმასთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, სულ რაღაც ორ თვეში, 28 იანვარს კი ის 44 წლის გახდება...

0.111785