ავტოსპორტი

1:57 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეუცვლიან თუ არა ჰამილტონს ძრავს ყატარშიც?

სან პაულუს რბოლაში, ლუის ჰამილტონმა და „მერსედესმა“ თითქმის შეუძლებელი შეძლეს - სპრინტის 24 წრეში, ბოლოდან მეხუთე პოზიციამდე ავიდნენ, კვირის რბოლა კი მეათედან დაიწყეს და პირველზე დაასრულეს.

წარსულში ფ1-ის პილოტი და ამჟამად სკაი სპორტსის პოპულარული წამყვანი მარტინ ბრანდლი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ყატარის რბოლისთვის, ჰამილტონის მანქანაზე ძრავის კიდევ ერთხელ შეცვლა ღირდეს. მხოლოდ შიდაწვის ძრავის შეცვლისთვის, ჯარიმა სტარტზე ხუთი პოზიციაა, რისი ამოქაჩვაც, ყატარის სწრაფ ტრეკზე პრობლემა არ იქნება.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ექსპლუატაციის პროცესში, „მერსედესის“ ძრავის პოტენციალი კლებულობს. როგორც გუნდი ამბობს, ადრე ეს პრობლემა არ არსებობდა, მაგრამ ამ სეზონში იჩინა თავი. ახალი ძრავს კი ნომინალური სიმძლავრე აქვს და რაც მთავარია, პილოტებს გადამწყვეტ უპირატესობას აძლევს.

ლოსაილის ტრეკი 2004 წელს აშენდა და მას ძირითადად მოტო გრანპრის რბოლებისთვის იყენებენ. ამ სეზონიდან კი ფ1-ის კალენდარში მოხვდა და იქ 10 წლით დარჩება. ტრეკს აქვს რამდენიმე სწორი მონაკვეთი და თითქმის არ აქვს ნელი მოსახვევები. ამით, ის კარგად მიესადაგება „მერსედესის“ მანქანას, რომელიც ახალი ძრავითაა აღჭურვილი. ამიტომ, ბრანდლი ფიქრობს, რომ შესაძლოა, აქ ძრავის კიდევ ერთხელ შეცვლა ღირდეს.

„შემდეგი რბოლა ყატარის ტრეკზეა. მას ვალენტინო როსი უკეთ იცნობს, ვიდრე ფ1-ის რომელიმე მრბოლი. და ის როსის ბაიკს უფრო შეეფერება, ვიდრე ფ1-ის მანქანებს. შეიძლება მერსედესისთვის ღირდეს, ახალი ძრავის გამოყენება განიხილოს. სტარტზე ხუთი ადგილის დაკარგვა, ამად ღირს. ლუისმა სან პაულუში 19 მანქანას გაასწრო, მათგან 16-ს ორჯერ“, - ამბობს ბრანდლი.

„რედ ბული“ შეშფოთებულია „მერსედესის“ სიჩქარით. ხარების შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ სამქიმიანებთან პაექრობა შეუძლებელი გახდა. ძრავის გარდა, ის „მერსედესის“ უკანა ფრთაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, ამ ფრთით, ინტერლაგოსზე „მერსედესს“ ისეთივე ჩაჭიდება ჰქონდა, როგორც მონაკოში. მაქს ფერსტაპენი ამ ფრთით სპრინტის შემდეგ, სწორედ ამიტომ დაინტერესდა. ჰორნერი ირწმუნება, რომ გასწრებისას, ჰამილტონის სიჩქარე, ფერსტაპენსაზე 30 კმ/სთ-ით მეტი იყო. ამასთან, თუ სხვებს 0.4-წამიანი ჩამორჩენის შემთხვევაშიც უჭირდათ გასწრება, ჰამილტონი იმ შემთხვევაშიც ასწრებდა, როცა წინ მიმავალს 0.9 წამით ჩამორჩებოდა.

ჰორნერი ამბობს, რომ შესაძლოა, „მერსედესის“ უკანა ფრთის რეგლამენტთან შეუსაბამებას ჰქონდეს ადგილი. თუმცა კონკრეტულად არაფრის თქმა შეუძლია.

0.154018