ფეხბურთი

14:05 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ამ შეკრებაზე გუნდში ყველაზე ჯანსაღი კონკურენცია იყო და ეს ზრდაში დაგვეხმარება"
"ვარჯიშებიდან გამომდინარე ჩაკვეტაძემ შვედეთთან თამაში ვერ დაიმსახურა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უზბეკეთთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის რა თქმა უნდა, შვედეთთან ბოლო შეხვედრასა და უზბეკეთთან მომავალ დაპირისპირებაზე.

„რა თქმა უნდა, სტანდარტულ სიტუაციებზე მუშაობას ვცდილობთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ვერ გეტყვით, რომ ამისთვის საკმარისი დრო გვაქვს, რადგან ყოველ სესიაზე სხვადასხვა კომპონენტებზე დროა გამოყოფილი. შვედეთთან გოლი უფრო თორნიკე ოქრიაშვილის დამსახურება და ინსპირაციაა და ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ კომბინაციაზე ბევრი ვიმუშავეთ. უზბეკეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან მომდევნო ოთხი თვე ვერ შევიკრიბებით. იგივე დისციპლინით და სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ, რაც ბოლო ორ შეხვედრაში ვაჩვენეთ.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ახალგაზრდა მოთამაშეებს ყოველთვის 100%-ის ჩვენება უწევთ, მაგრამ ხვიჩა თავს ყოველთვის დადებითად გრძნობს, სულ იღიმის, რაც ვფიქრობ, კარგის ნიშანია. შვედეთთან გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი, ჩემი აზრით, გუნდური სულისკვეთება იყო, რაც ბევრ რამეს მოიცავს, მათ შორის ტაქტიკურ დისციპლინას. მიხარია, რომ ფეხბურთელებმა დაცვასა და შეტევაში კარგად ითამაშეს. შემტევი მოთამაშეებიც დაცვას კარგად დაეხმარნენ. ვფიქრობ, შვედეთისთვის ჩვენი ასეთი თამაში მოულოდნელი და სიურპრიზი იყო. იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მჯერა, რომ კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ. სტაბილურობის მიღწევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ტრავმების თავიდან აცილებაზე. ბოლო მატჩში გამოჩნდა, ფეხბურთელებმა იციან რა უნდა გააკეთონ მოედანზე და ესეც სტაბილურობის ერთ-ერთი ნიშანია. ახლა უზბეკეთთან დადებითი შედეგის მიღწევა გვინდა, რომ წელი პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ.

ჩაკვეტაძემ რატომ არ ითამაშა? შეიძლება ვიღაცას მოეწონოს ჩემი გადაწყვეტილება, ვიღაცას - არა, ეს გასაგებია, მაგრამ რაც აქ ვარ, ყოველთვის ვცდილობ სამართლიანი ვიყო. ვფიქრობ, უნდა გვახსოვდეს, რომ მას ორი წელი გაუცდა და ცოტა ხანია, რაც ფორმის აღდგენას ცდილობს. არ მოუწია თამაში იმის გამო, რომ ვფიქრობ, ვარჯიშებზე ვერ აჩვენა ყველაფერი. მას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება, ისევე, როგორც სათამაშო პრაქტიკა კლუბში, უფრო მეტად. ჩაკვე ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ 25%-ია. დარწმუნებული ვარ, შეუძლია დაიბრუნოს ძველი ფორმა და ამისთვის ბევრი უნდა იმუშაოს. ვიცი, რომ მომავალში ერთად მუშაობის შესაძლებლობა არაერთხელ გვექნება. აღვნიშნავ, რომ საქართველოში მუშაობის პერიოდში ამ შეკრებაზე შეტევაში ყველაზე ჯანსაღი კონკურენცია იყო, ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვარჯიშებზე, რაც გუნდს წაადგება. მინდა აღვნიშნო, რომ მოედანზე ჩვენ საერთო მიზნისთვის გავდივართ და გუნდურად ვიბრძვით, გამარჯვებასაც გუნდი აღწევს.

ფეხბურთი არ არის სახლივით, როცა შეგიძლია მისი აშენებისთვის დრო განსაზღვრო, ფეხბურთში ცვლილებებს ყოველთვის დრო სჭირდება. გუნდში კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხარისხს ზრდის. რთულია დღეს პროგნოზირება ერთა ლიგაზე, რადგან ივნისში იწყება და იქამდე ძალიან დიდი დროა. ფეხბურთელების 99%-ის კარგად ესმის, რისი გაკეთება გვინდა და რისი ამბიციები შეიძლება გვქონდეს. ტრავმებისგან ბრუნდებიან კაჭარავა, ტაბიძე და კონკურენციას ხელს შეუწყობს. ზოგადად, ბევრი კითხვა მესმის ინდივიდუალურად ფეხბურთელების შესახებ, თუ რატომ არ გამოვიძახე რომელიმე ფეხბურთელი, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია გუნდი, ეს ქმნის საბოლოოდ განსხვავებას. ნაკრებთან დაკავშირებულ ყველა პირს საერთო ხედვა გვაქვს და მჯერა, რომ ეს გზა წარმატებამდე მიგვიყვანს.

დვალს, გიორბელიძეს და აბურჯანიას ერთნაირი პრობლემა აქვთ - კლუბში უთამაშებლობა. ამ მხრივ, რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში დანარჩენ ფეხბურთელებთან სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მათი ყოველთვის გამოძახება. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ იციან, რომ სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით სიტუაცია შესაცვლელია.

გეთანხმებით, ხოჭოლავას შვედეთთან საუკეთესო თამაში ჰქონდა. მისგან უზბეკეთთან ცუდ თამაშს ვერ მივიღებ, რადგან შეუძლია ისევ მაღალ დონეზე თამაში და ნაკრებში ამ სტაბილურობის დამკვიდრება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეკრების პირველივე ვარჯიშზე შევატყვე მას, რომ ეს სხვა ხოჭოლავა იყო, ვიდრე წინა შეკრებებზე ვხედავდით.

დავით ვოლკოვი? ის ჯერ კიდევ იმ ნახტომშია (შვედეთთან ნახტომი, იხუმრა - რედ), რომელიც განახორციელა და მიწაზე რომ დაეშვება, ვისაუბრებ. არასდროს მინახავს, რომ ნაკრებში 26 წლის დებიუტანტი ასე ჩაწერილიყოს. ჩემს თავზე ცოტა გაბრაზებული ვარ, რომ აქამდე არ გამოვიძახე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შეიძლება გორელი გულშემატკივარი ცოტა გავაბრაზო, მაგრამ ხვალ კუპატაძე ითამაშებს. ის ძალიან კარგი მეკარეა, კარგად მუშაობს და რუმინეთში შესანიშნავად ითამაშა. მას სჭირდება შანსი, რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. ლუკა გუგეშაშვილი კი ნაკრებში დებიუტანტია და სჭირდება, რომ მას ამაში დავეხმაროთ, სხვანაირად მოვექცეთ და გუნდში ადაპტაცია გავუმარტივოთ.

ზურაბ ხიზანიშვილთან პირველივე დღიდან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მყარი. ის ყოფილი მოთამაშეა, როგორც მე და კარგად ესმის ნიუანსები, რაც საერთო ენას ამარტივებს. ახლა იწყებს სამწვრთნელო კარიერას, სწავლობს ყველაფერს სწრაფად და მჯერა ერთ დღეს მთავარი მწვრთნელი იქნება. როცა მჭირდება, სულ ჩემს გვერდით არის. მას ფეხბურთელებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, რაც ბუნებრივად მოდის. მიხარია, რომ ეს ადამიანი გუნდში გვყავს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და უზბეკეთის მატჩი 15 ნოემბერს, გორში, 18:00 საათზე გაიმართება. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გუნდმა ასპარეზობა 7 ქულით დაასრულა, რომელიც კოსოვოსთან, შვედეთთან და საბერძნეთთან მატჩებში მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117058