ფეხბურთი

10:48 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: ჯერ ლორიას და მერე კვარაცხელიას თამაში

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ხმაურიანი გამარჯვებით დაასრულა და შვედეთის ნაკრებს ლიდერის პოზიცია დააკარგვინა. ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა, მაგრამ ამ თამაშს სხვა გმირებიც ჰყავდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

გიორგი ლორია 8.5 - ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მაგრამ რომ არა ლორია, თამაშს სცენარი ექნებოდა. მან 8 სეივი შეასრულა და მათ შორის, 6 პირველ ტაიმში! რაც მთავარია, უმეტეს შემთხვევაში რთული ბურთები აიღო.

ოთარ კაკაბაძე 6.5 - მატჩის დასაწყისში უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი იბრაჰიმოვიჩს ჩააბარა, რაც შეიძლებოდა ძვირად დაგვჯდომოდა. მას კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, რაც კვალს ტოვებს. უნდა ითქვას, რომ ისევ სამმცველიან სქემაში ითამაშა, რაც მისთვის ადვილი არ არის.

გურამ კაშია 7.5 - საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაურით კაშიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ვილი სანიოლმა ის ერთი სიტყვით დაახასიათა - ბრწყინვალე! ეს ყველაფერზე მიუთითებს.

დავით ხოჭოლავა 7.5 - მანაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ყველაფერთან ერთად, პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა.

საბა ლობჟანიძე 6.5 - საბასაც უცხო პოზიციაზე მოუწია თამაში. მთელი ფლანგის კონტროლი მისი იდეალური ფუნქცია არ არის. პირველი საგოლე შანსი საქართველოს მხრიდან მას ჰქონდა. გუნდისთვის ბევრი შავი სამუშაოც შეასრულა, მაგრამ ჩრდილში იყო.

გრიგოლ ჩაბრაძე შ.გ - მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

ვაკო გვილია 6.5 - ვაკოსგან უკეთესი თამაშებიც გვახსოვს და ალბათ, უფრო ცუდიც. მეორე საგოლე იერი მან დაიწყო და შემდეგ კვარაცხელიამ ყველაფერი გააკეთა. მოედნის ცენტრში შვედეთის ნაკრები რიგ შემთხვევებში დომინირებდა.

ნიკა კვეკვესკირი 6.5 - დაახლოებით იგივე ითქმის მასზეც, თუმცა, თუ ვინმე ბურთის განაწილებას ცდილობდა, პირველ რიგში კვეკვესკირი იყო. მთლიანობაში გვილია-კვეკვესკირის დუეტით საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი მატჩი მოიგო, ამიტომაც, ორივეს 6.5 ამ თამაშიდან.

გიორგი აბურჯანია შ.გ - აბურჯანიამ მხოლოდ მსაჯის კომპენსირებული წუთები ითამაშა.

ირაკლი აზაროვი 7 - ძალიან ახალგაზრდა მცველი საქართველოს ჩემპიონატიდან, მაგრამ გამოუცდელობა მას საერთოდ არ ეტყობა. „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი მშობლიურ გარემოში თამაშობდა და შესანიშნავიც იყო. პირველ გოლში ალბათ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა!

გიორგი წიტაიშვილი 6.5 - მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა, რამდენჯერმე დრიბლინგი სცადა, ეფექტურადაც ითამაშა, მაგრამ რიგ შემთხვევებში შეტევებს გადამწყვეტ გაგრძელებას ვერ უძებნიდა. თუმცა, შავი სამუშაო მანაც ბევრი შეასრულა.

ზურიკო დავითაშვილი შ.გ - თამაშში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო და რამდენჯერმე გაამწვავა შეტევა.

ხვიჩა კვარაცხელია 8.5 - დუბლი შვედეთის ნაკრებთან! სხვა სიტყვები ამ შემთხვევაში ალბათ ზედმეტია. ერთი გოლის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ რობინ ოსლენმა დაუჯერებელი სეივი მიითვალა. ხვიჩამ მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება ისევ აალაპარაკა.

ვაკო ყაზაიშვილი შ.გ - ყაზაიშვილმა მატჩის გმირი შეცვალა და მოედანზე ცოტა დრო დაჰყო.

თორნიკე ოქრიაშვილი 6.5 - ცრუცხრიანის პოზიციაზე ითამაშა და პრაქტიკულად ყოველთვის ორ მცველს შორის იყო, თანაც მეორე სართულზე ბრძოლა უწევდა ვიქტორ ლინდელოფთან და გასაკვირი არაა, რომ გაუჭირდა. თუმცა, გუნდისთვის თავი არ დაუზოგავს და გოლის მომენტში ჯარიმა, რომელიც თითქოს დასარტყმელი იყო, მოულოდნელად გაათამაშა. სწორედ მოულოდნელობის ეფექტის გამო შვედეთის დაცვა მზად არ აღმოჩნდა.

დავით ვოლკოვი შ.გ - მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, თანაც, როგორ მატჩში და რა დროს. როცა ჩაერთო, ჯერ კიდევ 1:0 იყო. საკმაოდ კარგადაც ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში ნამდვილად დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117591