ფეხბურთი

22:34 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იანე ანდერსონი: "ესპანეთზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ საქართველო და მასთან გამარჯვების გეგმაა მნიშვნელოვანი"

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა საქართველოსთან მოახლოებული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და შვედი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ანდერსონმა თქვა, რომ ჯერ ესპანეთთან შეხვედრაზე არ ფიქრობს და მხოლოდ საქართველოსთან მატჩზეა კონცენტრირებული. გარდა ამისა, მან ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობასა და საქართველოში კორონავირუსის მძიმე ვითარებაზე ილაპარაკა.

„ზლატანი ორივე მატჩში 90 წუთი ითამაშებს თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფიზიკურად ის საოცრად კარგადაა მომზადებული. ცოტა დაფიქრება მჭირდება, „ინტერთან“ მატჩში ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. საქართველოსთან დავასვენებ, რომ ესპანეთთან ითამაშოს? ჩემთვის ახლა მხოლოდ საქართველოა მნიშვნელოვანი. ეს არის გუნდი, რომელზეც ვფიქრობ და გეგმაზე, რომელიც უნდა გვქონდეს ამ მატჩის მოსაგებად. ესპანეთზე თუ ვიფიქრებთ და საქართველოს უკანა პლანზე გადავწევთ, ეს კარგი არ იქნება.

იბრაჰიმოვიჩი სუპერ პროფესიონალია, რომელმაც მარტში ვარჯიშებსა და მატჩებში თავისი წვლილია შეიტანა. მას დიდი გამოცდილება აქვს, რომლითაც უნდა გამოვიყენო, წინააღმდეგ შემთხვევაში მე საკმარისად ჭკვიანი ადამიანი არ ვიქნები. ზლატანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს და „მილანში“ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს. იგივეს ველი აქ, რომ აიღებს პასუხისმგებლობას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. იბრა ჩვენთვის მნიშვენლოვანი ფეხბურთელია, თუნდაც გამოცდილების კუთხით.

საქართველოში კორონავირუსის მძიმე მდგომარეობა? ამის შესახებ გავიგე, სადღაც ისწავლეს კორონავირუსთან ცხოვრება, სადღაც ასეთი ვითარებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ წესებს. გუშინ ჩვენი კოორდინატორი სესილია სანდელი საქართველოში ჩავიდა და დაიწყო უსაფრთხოების ზომების მიღება, ეს მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელს აცრა რომ გაეკეთებინა, თავს უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდით, მგონი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ, ეს ინდივიდუალური არჩევანია და ძალიან რთულია.

ვიცი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური შეიძლება საქართველოსთან მატჩის შემდეგ მოვიპოვოთ, შეიძლება ეს სცენარი განვითარდეს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, ყველაფერი დაძაბული დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში მინდა, საბერძნეთისა და ესპანეთის მატჩს ტელევიზორში ვუყურო, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა, ის ქართულ სატელევიზიო არხებზე, ამიტომ, საკითხის მოგვარება სესილია სანდელიმ უნდა მოახერხოს. ჩვენ უბრალოდ გვინდა ვითამაშოთ, ყველაფერი ამ კვირაში გადაწყდება და წინ რთული გამოწვევები გველის, მაგრამ იმედი მაქვს, კვირას ბედნიერები ვიქნებით", - თქვა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110826