ძიუდო

19:59 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 23-წლამდე ჩემპიონია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 23-წლამდე ჩემპიონია! ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრებს 4:2 მოუგეს და პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლნენ.

ფინალური დუელი ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებით გაიხსნა, რასაც ლუკა კაპანაძის და მარიამ ჭანტურიას მარცხი მოჰყვა და რუსეთი 2:1 დაწინაურდა. თუმცა, მომდევნო სამი ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ნიკა ხარაზიშვილმა, სოფიო სომხიშვილმა და საბა ინანეიშვილმა მეტოქეებს შანსი არ მისცეს და საქართველო ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთს 4:3 აჯობა. ლუკა კაპანაძემ ორი, მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო, ხოლო ასევე ეგამარჯვებები მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილმა, წააგეს მარიამ ჭანტურიამ, საბა ინანეიშვილმა და ნიკა ხარაზიშვილმა, თუმცა, ეს გუნდს ძვირად არ დაუჯდა. ხოლო მანამდე, მეოთხედფინალში ფავორიტი საფრანგეთი 4:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თავიანთი ბრძოლები გელა ზაალიშვილმა, ალეკო მამიაშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა და მარიამ ჭანტურიამ მოიგეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურადაც შესანიშნავად იასპარეზა და ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.134531