ავტოსპორტი

1:44 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო როსბერგს დაბრუნება სურდა, მაგრამ...

ნიკო როსბერგი აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებას აპირებდა, როცა ლუის ჰამილტონი კორონვირუსით დაავადდა და მის ადგილზე მცირე ხნით, ვაკანსია გაჩნდა. როსბერგმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2016 წელს მოიპოვა და იმავე სეზონის დასრულების შემდეგ, საკუთარი ფ1-ის კარიერაც დაასრულა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჰამილტონი სახირის დიდ პრიზზე, „უილიამსის“ ჯორჯ რასელმა შეცვალა, ვინც მომავალი სეზონიდან, „მერსედესში“ ვალტერი ბოტასს შეცვლის. რასელმა ის რბოლა შესანიშნავად ჩაატარა და რომ არა უიღბლობა, გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.

როსბერგი ამბობს, რომ ჰამილტონის ავადმყოფობის შეტყობის შემდეგ, გუნდის შეფ ტოტო ვოლფისთვის დარეკვას და საკუთარი სამსახურის შეთავაზებას აპირებდა. თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან რბოლისთვის ფიზიკურად მზად არ იყო.

„დარეკვას ვფიქრობდი, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ამისთვის ფიზიკურად მზად არ ვიყავი, გადამაფიქრებინა. შანსი არ მქონდა. ამ მანქანით, ორ წრეზე მეტს ვერ გავივლიდი. ხელები გამიქვავდებოდა. ორი წრის შემდეგ, საჭის დაჭერასაც ვერ შევძლებდი. დარწმუნებული ვარ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირველივე ინტენსიური დამუხრუჭებისას, კისერი მომტყდებოდა. გადატვირთვები ისეთი მაღალია, რომ სპეციფიკური ვარჯიშებია საჭირო შესაბამისი კუნთების გასავითარებლად. ამიტომ, ფიზიკურად შანსი არ მქონდა“, - ყვება როსბერგი.

„ახლა რომ მითხრათ, ხვალ ბაჰრეინში ვალტერის მანქანის გამოცდის საშუალება მექნება, გამიხარდება. მაგრამ თუ მეტყვით, რომ მთელ სეზონზე გამოსვლის შესაძლებლობა მექნება, უარს ვიტყვი. ასე გიპასუხებთ - ყველას დიდი მადლობა, მაგრამ მე ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ეს უკვე დავამთავრე“, - დასძენს როსბერგი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126241