ავტოსპორტი

1:15 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის ყველა ეტაპის პრომოუტერს სპრინტ რბოლები სურს

ფორმულა 1-ის მოტორსპორტის შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ ფორმულა 1-ის კალენდარში შემავალი უკლებლივ ყველა დიდი პრიზის პრომოუტერს, სპრინტერული საკვალიფიკაციო რბოლების ჩატარება სურს.

მიმდინარე სეზონში, სპრინტი უკვე ჩატარდა სილვერსტოუნსა და მონცაში. მესამე სპრინტი სან პაულუში ჩატარდება. პირველი ორი იმდენად წარმატებული იყო, რომ ახლა ყველას სპრინტი სურს. მაგრამ მომავალი სეზონისთვის, მხოლოდ ექვსი სპრინტია გეგმაში. და ბრაუნი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, სად ჩატარდბა ეს რბოლები. სავარაუდოდ, სილვერსტოუნი, მონცა და სან პაულო სიაში ისევ იქნება.

ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა გუნდებს და აქციონერებს შეხვდება და მათთან ერთად, სპრინტ რბოლების მომავალს განიხილავს. თუმცა ბრაუნი ამბობს, რომ გუნდბთან უკვე შეთანხმებულია ექვსი სპრინტი. ამასთან, სპრინტების რიცხვი, თანდათან გაიზრდება. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მომავალ სეზონისთვის, ყველა გუნდს, ახალი რეგლამენტის შესაბამისად, ახალი მანქანის შემუშავება უწევს და ამ დროს, მოვლენათა ფორსირება სასურველი არაა.

ახალი სეზონიდან, ფ1-ში ახალი, 18-დუიმიანი ბორბლების გამოყენებას იწყებენ. გარდა ამისა, იცვლება აეროდინამიკა, წონა, გაბარიტები და ბევრი სხვა პარამეტრი. ცვლილებათა მთავარი მიზანი ისაა, რომ გაადვილდეს გასწრება და რბოლები უფრო სანახაობრივი გახდეს.

რაც შეეხება სპრინტის ფორმატს, ის ჩვეულებრივი კვალიფიკაციის პარასკევისთვის გადატანას ითვალისწინებს. კვალიფიკაციაზე ირკვევა განლაგება სპრინტისთვის (100 კმ), რომლის შედეგების შესაბამისადაც, პილოტები კვირის რბოლის სტარტზე განლაგდებიან.

ბრაუნი ამბობს, რომ მონაკოში, სადაც ვიწრო ქუჩების გამო, გასწრება მეტისმეტად რთულია, სპრინტის გამართვას დიდი ეფექტი ვერ ექნება. ამიტომ, ამ რბოლას სპრინტის მიღების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. თუმცა ბრაუნი დასძენს, რომ გამორიცხული არაფერია.

ასევე განხილვის საგანია ქულები. ამჟამად 3-2-1 ფორმტით, ქულებს სპრინტის სამი საუკეთესო პილოტი ღებულობს. სავარაუდოდ, ეს შეიცვლება. ამ ეტაპზე, ლაპარაკია იმაზე, რომ სპრინტში პილოტებმა იმის მესამედი ქულები მიიღონ (როგორც მანძილია მესამედი), რასაც ძირითად რბოლაში ღებულობენ. ეს სპრინტს უფრო მნიშვნელოვანს გახდის.

0.121376