ფეხბურთი

0:54 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს შვილის მორიგი შოუ და "იუვენტუსის" კოშმარული კრიზისი

იტალიის სერია A-ში ტური ტურს მისდევს და „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში რეგრესს განიცდის. მაქს ალეგრიმ "ვერონასთან" მატჩის შემდეგ საინტერესო რამ თქვა - ჩვენ ახლა იმ დონის გუნდი ვართ, სადაც სატურნირო ცხრილში ვიმყოფებითო და არც ტყუის, რადგან ეს არ არის ძველი "იუვე".

მასიმილიანო ალეგრის გუნდი აბსოლუტურ აგონიაშია და ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და ბოლო ორი მატჩი მიჯრით წააგო. ამჯერად, ტურინულ გრანდს ფეხი „ვერონასთან“ სტუმრად დაუცდა, რომელსაც იგორ ტუდორი წვრთნის, რომელიც შარშან „იუვეში“ ანდრეა პირლოს ასისტენტი იყო.

„ვერონა“ კარგი გუნდია, „რომასაც“ მოუგო და „ლაციოსაც“, ტუდორის დანიშვნის შემდეგ (მეხუთე ტურიდან) კი მასზე მეტი ქულა მხოლოდ „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსის“ ასეთი კატასტროფული თამაში, მაინც წარმოუდგენელი იყო. მე-14 წუთზე „ბებერი ქალბატონი“ 0:2 მარცხდებოდა! ორივე გოლი ჯოვანი სიმეონემ გაიტანა, დიეგოს შვილმა... ზუსტად ერთი კვირის წინ მან რომის „ლაციოსთან“ პოკერი შეასრულა, ახლა „იუვეს“ ორჯერ გაუტანა. სხვათა შორის, პირველ ტაიმში მესამეც შეაგდო, მაგრამ გოლი გაუქმდა.

ტურინულმა გრანდმა მატჩის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა და ისევ უქულოდ დარჩა. „იუვე“ ჩემპიონი ვერ გახდება, ამის თქმა უკვე შეიძლება, რადგან ამ გუნდს არც საჩემპიონო რესურსი აქვს და არც ლიდერებთან ჩამორჩენაა ცოტა. უფრო მეტიც, წესით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც უნდა გაუჭირდეს.

„იუვენტუსს“ კატასტროფული შედეგები აქვს: 11 ტურში 15 ქულა (4 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება), მხოლოდ 15 გატანილი გოლი და 15 გაშვებული! 1961-1962 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ბიანკონერიმ“ საწყის 11 ტურში ამდენი გოლი გაუშვა. და კიდევ ერთი - 26 სექტემბრის შემდეგ თამაშში ერთ გოლზე მეტი არ გაუტანია. გუნდს არც შეტევაში თამაში გამოსდის და ვერც თავს იცავს. ამდენად, შედეგები სრულიად ლოგიკურია - ტურინელები მეცხრე ადგილზე არიან...

გაცილებით გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ „ატალანტა“ და „ლაციო“, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მშვიერი თამაშიც გააჩეღეს. „ლაციო“ ორჯერ იგებდა, მაგრამ ჯერ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე და შემდეგ მატჩის უკანასკნელ წუთზე გაუშვა გოლები და ბერგამოდან მხოლოდ ქულა წაიღო - 2:2.

„ტორინო“ – „სამპდორია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 პრატი (17), 2:0 სინგო (52), 3:0 ბელოტი (90)

„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 სიმეონე (11), 2:0 სიმეონე (14), 2:1 მაკკენი (80)

„ატალანტა“ – „ლაციო“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 პედრო (18), 1:1 ძაპატა (45), 1:2 იმობილე (74), 2:2 დე რუნი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163927