ფეხბურთი

20:33 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "ელ კლასიკოში" ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურის მთავარი და პირველი წრის ცენტრალური შეხვედრა „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის გაიმართა. შესაძლოა ნაკლებ ხმაურიანი და ვარსკვლავური, მაგრამ „ელ კლასიკო“ ყოველთვის „ელ კლასიკოა“.

მადრიდის „რეალი“ სეზონს უკეთეს ფორმაში შეხვდა და ეს ამ მატჩმაც გამოაჩინა. კარლო ანჩელოტის გუნდმა მოიგო და „ბარსელონას“ უკვე ზედიზედ მეოთხედ აჯობა.

პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ სერჯინო დესტმა შანსი გაანიავა, ხოლო სულ მალე დავიდ ალაბამ ანგარიში გახსნა. ავსტრიელმა სადებიუტო „ელ კლასიკოში“ გაიტანა, თავად წამოიწყო და დაასრულა შესანიშნავი კონტრშეტევა.

თამაში ისე მიდიოდა, რომ „სამეფო კლუბს“ 1:0 უნდა მოეგო, რადგან „ბარსელონას“ დესტის ეპიზოდის გარდა, სხვა საგოლე მომენტი პრაქტიკულად არ ჰქონია. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გავიდა. ჯერ მადრიდელებმა გაიტანეს, ისევ კონტრშეტევის შედეგად, რომელიც ლუკას ვასკესმა დაასრულა, ხოლო მერე სერხიო აგუერომ პრესტიჟის გოლი მიითვალა, რომელმაც „ბარსაში“ პირველად გამოიჩინა თავი.

თუმცა, „ბარსელონას“ დრო არ ჰქონდა მატჩის გადასარჩენად და ზედიზედ მეოთხე „ელ კლასიკო“ წააგო, რაც 1965 წლის შემდეგ პირველად მოხდა. რონალდ კუმანის გუნდი 15 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, ხოლო „რეალს“ 20 ქულა აქვს და ლიდერია, მაგრამ „სევილიასთან“ და „სოსიედადთან“ ერთად.

„ბარსელონა“ – „რეალი“ 1:2 (0:1)

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

მაყურებელი: 86 000

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; მინგესა (კოუტინიო 46), პიკე, გარსია, ალბა; გავი (ლ, დე იონგი 85), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი (სერხი რობერტო 77); დესტი, ფატი (აგუერო 74), დეპაი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვასკესი, მილიტაო, ალაბა, მენდი; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; როდრიგო (ვალვერდე 72, კარვახალი 90), ბენზემა, ვინისიუსი (ასენსიო 87)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ალაბა (32), 0:2 ლუკას ვასკესი (90), 1:2 აგუერო (90)

გაფრთხილება: პიკე (58) - მენდი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 10 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ხ. სანჩესი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10186