ჩოგბურთი

5:55 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძალიან ცოტა ჩემპიონობამდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ერთადერთი სეტი. ქართველი ჩოგბურთელი 1000-იანი მასტერის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში, 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1000-იანი მასტერსის ფინალში ითამაშა.

პირველი სეტი ზუსტად ნახევარი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 6:3 მოიგო. შედეგად, ჩემპიონობისკენ პირველი სოლიდური ნაბიჯი გადადგა და გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის იდეალურად არ დაწყებულა. პირველი ბრეიკი ნორის იყო, რომელიც 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მერე 29 წლის ჩვენებური შეუჩერებელი იყო, ზედიზედ ორი ბრეიკი მიითვალა, მიჯრით 5 გეიმი მოიგო და სეტში 6:3 იმარჯვა!

მეორე სეტში გამარჯვება უკვე ბრიტანელ ჩოგბურთელს დარჩა, რომელმაც 42 წუთში 6:4 მოიგო. არადა, თავიდან ნიკოლოზისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და პირველი ბრეიკი მიითვალა, რითაც 2:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა, თავად ორჯერ დაბრეიკდა და ანგარიში გათანაბრდა. უნდა ითქვას, რომ პირველი სეტისგან განსხვავებით, მეორე სეტში ქართველი საკუთარ ჩაწოდებაზე დომინანტი და ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ იყო.

მესამე სეტის დასაწყისში ნორი შეცდომებს აღარ უშვებდა და ყველაფერი გართულდა. ბრიტანელმა ბრეიკი შეასრულა და სეტში 3:0 დაწინაურდა, რამაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. ბასილაშვილს 0:2-ზე შეეძლო უკუბრეიკის გაკეთება, მაგრამ სამმაგი ბრეიკპონტი გაანიავა და გეიმი მაინც წააგო. ეს გარდამტეხი მომენტი იყო და ნიკოლოზმა თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა - სეტი 1:6, ხოლო შეხვედრა საათსა და 51 წუთში, 6:3, 4:6, 1:6 წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი და 23 ვინერსი მიითვალა, ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ უნებლიე შეცდომა 49 ჰქონდა. რაც შეეხება ნორის, მან 1 ეისი მიითვალა, 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 10 ვინერსი და 25 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალამდე კრისტოფერ ეუბანკსი (6:4, 6:3), ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (4:6, 7:6, 6:2), რუსი კარენ ხაჩანოვი (6:4, 7:6), რეიტინგის მესამე ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6:4, 2:6, 6:4) და ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:3) დაამარცხა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 510 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154413