ფეხბურთი

20:12 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

7 წუთში 4 გოლი: "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" გადაურბინა (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნი“ ყოველთვის საშიშია, მაგრამ თუ გაბრაზებულია, კიდევ უფრო მეტად. იულიან ნაგელსმანის გუნდი სანაკრებო პაუზაზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ საშინაო მარცხით გავიდა, რომელსაც თავის მხრივ მეტი მატჩი სეზონში მოგებული არ აქვს.

როგორც ჩანს, ამან „რეკორდმაისტერი“ ძალიან გააბრაზა და „ლევერკუზენს“, რომელთანაც ერთად ამ ტურამდე ლიდერობას იყოფდა, შავი დღე აყარა. ბევრი ელოდა, რომ „ბაი არენაზე“ მასპინძლები ასე თუ ისე ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მეტოქეს, მაგრამ ასე არ მოხდა.

მიუნხენური გიგანტი უკვე მეოთხე წუთზე იგებდა რობერტ ლევანდოვსკის გოლით, ხოლო 30-ე წუთიდან 37-ე წუთამდე სტუმრებმა ქარიშხალი დაატრიალეს - 7 წუთში 4 გოლი!!! ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ისევე, როგორც სერჟ გნაბრიმ, ერთხელაც ტომას მიულერმა შეაგდო. მეორე ტაიმში პატრიკ შიკმა ფლორიან ვირტცის პასით პრესტიჟის გოლი გაიტანა - 1:5. 18 წლის ვირტცზე ცალკე უნდა ითქვას: მას 8 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე პასი მითვლილი და აშკარაა, რომ გერმანულ ფეხბურთს უდიდესი ვარსკვლავი ეზრდება.

„ბაიერნმა“ კი 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერია. შემდეგ მოდიან „დორტმუნდი“ (18), „ლევერკუზენი“ (16) და „ფრაიბურგი“ (16). სხვათა შორის, 8 ტურის თავზე „ფრაიბურგი“ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია (4 მოგება, 4 ფრე).

„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 1:5 (0:5)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (4), 0:2 ლევანდოვსკი (30), 0:3 მიულერი (34), 0:4 გნაბრი (35), 0:5 გნაბრი (37), 1:5 შიკი (55)

0.113576