ჩოგბურთი

10:24 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი: "როცა თამაშზე ვამახვილებ ყურადღებას, კარგი ჩოგბურთის ჩვენება შემიძლია"

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ნახევარფინალში ტეილორ ფრიტცთან გამარჯვებისა და ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 29 წლის ქართველმა აღნიშნა, რომ ცდილობდა დაძაბულობა თავიდან მოეშორებინა, რადგან როცა მხოლოდ თამაშზე ამახვილებს ყურადღებას, კარგი ჩოგბურთის ჩვენება შეუძლია.

„ეს ფინალი ძალიან ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებით ინდიან უელსის ფინალში გასვლა, რომელსაც ხალხი მეხუთე გრანდ სლემსაც უწოდებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი მატჩის მოგება. ახლა ჩემს ტოპთამაშს ვაჩვენებ და თავს საუკეთესოდ ვგრძნობ.

1000-იან მასტერსზე ჩემი პირველი ნახევარფინალი იყო და ასე რომ, ცოტა დაძაბული ვიყავი. თუმცა, ვეცადე მაქსიმალურად მომეშორებინა ეს დაძაბულობა, რადგან თუ მხოლოდ ჩემს თამაშზე ვამახვილებ ყურადღებას, შემიძლია კარგი ჩოგბურთი ვითამაშო.

ფინალი? ნორი ძალიან უხერხული მეტოქეა და ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. ის ძალიან საინტერესო ჩოგბურთს თამაშობს“, - თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა რეიტინგში 510 ქულა გამოიმუშავა და 36-ე ადგილიდან 27-ე პოზიციაზე აღზევდა, ხოლო ფინალის მოგების შემთხვევაში, ცხადია, წინსვლა კიდევ ელოდება. ქართველმა ფინალამდე კრისტოფერ ეუბანკსი (6:4, 6:3), ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (4:6, 7:6, 6:2), რუსი კარენ ხაჩანოვი (6:4, 7:6) და რეიტინგის მესამე ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასიც (6:4, 2:6, 6:4) დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კამერონ ნორის დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგის 26-ე ნომერია. მის წინააღმდეგ ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ერთხელ აქვს ნათამაშები, მიმდინარე წლის 1 მარტს, როტერდამის ტურნირზე და ორ სეტში (0:6, 3:6) მარცხი განიცადა.

0.141163