ჩოგბურთი

1:58 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი: "ვარჯიშს ბევრი დრო დავუთმე და წელს კარგად ვთამაშობ"

ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსის 1000-იანი ტურნისის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და ისტორია დაწერა - პირველად გავიდა მასტერსის ნახევარფინალში.

გამარჯვების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კმაყოფილი არ არის მისი თამაშით, მაგრამ რთულ მომენტებს კარგად გაუმკლავდა.

„ამ ტურნირზე შესანიშნავი მატჩები ჩავატარე. არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი დღევანდელი თამაშით, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ გავუმკლავდი სტრესულ მომენტებს. პირველად ვითამაშე მეოთხედფინალში, უდიდეს კორტზე და ისეთი სუპერ მოთამაშის წინააღმდეგ, როგორიც სტეფანოსია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი ფიზიკური ფორმის და ემოციური მდგომარეობის შენარჩუნება, რადგან ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა უკიდურესად დაძაბული მატჩი.

ბევრი დრო დავუთმე მძიმე შრომას. ძალიან კარგად ვთამაშობ და მიხარია, რომ გადამწყვეტ მომენტებს გავუმკლავდი. აქ ჩემთვის შესაფერისი პირობები არ არის, ბურთები ძალიან სწრაფია, მაგრამ წელს კარგად ვთამაშობ”, - თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მასტერსის ნახევარფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს, ხოლო ტოპათეულის წარმომადგენელი მეტოქე მეექვსედ დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127017