ფეხბურთი

0:45 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

9 წლის შემდეგ მუნდიალის შესარჩევში პირველი გამარჯვება და რევანში კოსოვოსთან

საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 9 წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამარჯვება მოიპოვა. „ჯვაროსნებმა“ პრიშტინაში კოსოვოს ნაკრები 2:1 დაამარცხეს.

2012 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა თემურ ქეცბაიას გუნდმა ბელარუსს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოუგო, ეს არის პირველი გამარჯვება კონკრეტულად მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე და ძალზე რთული პერიოდის შემდეგ - სანიოლის გუნდს ბოლო 5 მატჩი წაგებული ჰქონდა. მაგრამ, დასასრული ყველაფერს აქვს და ეს ნეგატიური სერიაც შეწყდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა პუბლიკამ საქართველოს ჰიმნს დაუსტვინა...

მატჩი კოსოვოელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და თამაში ძირითადად საქართველოს ნაკრების ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ მე-11 წუთზე ანგარიში ვილი სანიოლის გუნდმა გახსნა. გიორგი წიტაიშვილმა საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილს არაზუსტი პასი გაუკეთა, მაგრამ კოსოვოს მეკარე მურიჩი უხეშად შეცდა, ბურთის ხელში დაჭერას ცდილობდა, როცა გაუვარდა და იქვე ოქრიაშვილი იყო, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა და საქართველო დაწინაურდა.

გოლის შემდეგ კოსოვომ კიდევ უფრო მოუმატა შეტევაში თამაშს, მაგრამ რეალური მომენტი მხოლოდ ერთხელ შექმნეს, როცა გურამ გიორბელიძემ ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და გუნდი გაურდაუვალი გოლისგან იხსნა. სამაგიეროდ, ცოტა ხანში მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. ისევ ტაიმის ბოლო წუთები, ისევ და ისევ! ხვიჩა კვარაცხელია დაცვის დასახმარებლად იყო ჩასული, მაგრამ მეტოქე წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვედათ მურიქიმ გოლად აქცია. ეს 45-ე წუთზე... ტაიმიც 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა. ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდა და კოსოვოც შეტევაში სახიფათო ვეღარ იყო. ამ ყველაფერმა კი შედეგი გამოიღო. 78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამარჯვების გოლი შექმნეს! ირაკლი აზაროვის ფლანგური გადაცემის მერე ზურიკო დავითაშვილმა თავური დარტყმით გაიტანა და საქართველოს ნაკრებს მოაგებინა. აზაროვი მოედანზე გიორბელიძის, ხოლო დავითაშვილი კვარაცხელიას ნაცვლად გამოჩნდა, რომელიც ძალიან ინერტული იყო.

საქართველოს ნაკრებს სულ მალე მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ საბა ლობჟანიძის დარტყმა მცველმა ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა, ხოლო ბოლოს კოსოვოს ნაკრებიც ახლოს იყო გათანაბრებასთან, მაგრამ არაზუსტად დაარტყეს და საქართველომ 2:1 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და კოსოვოს გადაასწრო - ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს (4:12 და 4:14). გარდა ამისა, ერთი თვის წინ ბათუმში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

კოსოვო - საქართველო 1:2 (1:1)

პრიშტინა, „ფადილ ფოკრი“

კოსოვო (4-3-3): მურიჩი; ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლიჯი, ალიტი (სელმანი 86); ჰალიმი (ლოშაი 74), დრესევიჩი, სელინა (მუსლია 86); რაშანი (ლ. კასტრატი 59), მურიქი, რაშიცა (ბიტიკი 73)

მწვრთნელი: ბერნარ შალანდი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80); კვეკვესკირი, გვილია; ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72); ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

გაფრთხილება: დრესევიჩი (19), რაშანი (32) - გიორბელიძე (32), ოქრიაშვილი (45), ჩაბრაძე (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 4 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაველ რაჩკოვსკი (პოლონეთი)

0.150947