ავტოსპორტი

2:22 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„პირელი“ - ჰამილტონს საბურავები რბოლის ბოლომდე ალბათ ვერ გაუძლებდა

ფორმულა 1-სთვის საბურავების მიმწოდებელი, იტალიური კომპანია „პირელი“ აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ლუის ჰამილტონი საბურავების ერთი კომპლექტით, თურქეთის დიდი პრიზის რბოლის ფინიშს ვერ მიაღწევდა.

ჰამილტონი მესამე ადგილზე იყო, როცა გუნდმა ამცნო, რომ რბოლის მიწურულს პიტ სტოპისთვის შესულიყო. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს არ სურდა საბურავების შეცვლა და ფიქრობდა, რომ ერთი კომპლექტი ფინიშამდე მიიყვანდა. მაგრამ მაინც შევიდა ბოქსში და იქიდან დაბრუნებული, მე-5 ადგილზე აღმოჩნდა.

როცა აღმოაჩინა, რომ ორი ადგილი დაკარგა, რომელთა დაბრუნებას ვერ ახერხებდა, გუნდს რადიოთი აგრესიულად უპასუხა: „ხომ გითხარით, რომ არ უნდა შევსულიყავით. ვგრძნობდი, რომ უნდა დავრჩენილიყავი. სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ამიტომ, გაწბილებული ვარ იმის გამო, რომ საკუთარ გრძნობას არ ვენდე“, - სკაი სპორტსთან საუბრისას განაცხადა ჰამილტონმა.

თუმცა ჩემპიონი მოგვიანებით დამშვიდდა და „გუნდური“ განცხადება გააკეთა: „ჩვენ ვიგებთ და ვაგებთ, როგორც ერთი გუნდი. დღეს გუნდს დავუჯერე. უნდა დავრჩენილიყავი? ვინ იცის. თუ სხვა მრბოლების შედეგებს გადავხედავთ, ვინც ბოლომდე დარჩა, ბევრი დრო დაკარგა და პოზიციებიც დათმო. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, სარისკო იქნებოდა“.

„რომ არ შევსულიყავო, შეიძლება პოზიცია ვერ შემენარჩუნებინა. მაგრამ მე რისკიანი ვარ და მინდოდა, აქაც გამერისკა“, - დასძენს ჰამილტონი.

ფრანგმა ესტებან ოკონმა საბურავების ერთი კომპლექტით, მე-10 ადგილი დაიკავა. თუმცა მისი წინა მარჯვენა საბურავი უკვე გასკდომის პირას იყო. „პირელის“ შეფმა მარიო იზოლამ განაცხადა, რომ საეჭვო იყო, ჰამილტონს ერთი კომპლექტით ფინიშამდე მიეღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121487