ფეხბურთი

21:56 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისევ იგივე: ფანტაზიის და ჟინის გარეშე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა და ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა.

თუმცა, ისევ სი გუნდი ვიხილეთ, რომელიც ერთი თვის წინ, სექტემბერში იყო. უფანტაზიო ფეხბურთი, ინდივიდუალიზმისა და შესაძლოა მოტივაციის გარეშეც. საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე რეგრესირებს და ეს უკვე თვალნათლივ ჩანს.

პირველი ტაიმი საბერძნეთის იყო, რომელიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. გიორგი ლორიამ გადაარჩინა არაერთხელ ვილი სანიოლის გუნდი, ხოლო მე-12 წუთზე ბერძნებმა გოლიც გაიტანეს. პავლიდისმა შეაგდო, მაგრამ მანამდე მას პასი ანდროუცოსმა გაუკეთა, თუმცა ბურთის მოედნის ფარგლები უკვე დატოვებული ჰქონდა. მსაჯმა თავიდან გოლი ჩათვალა, შემდეგ საქმეში VAR-ი ჩაერია და გოლი გააუქმა.

საქართველოს ნაკრებისგან პირველ ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი ოთარ კაკაბაძის შორეული დარტყმა იყო, რომელიც ოდისეას ვლახოდიმოსმა მოიგერია. ჩრდილში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მეტოქე მცველები კარგად აკონტროლებდნენ. გაცილებით აქტიური იყო მარჯვენა ფლანგი, თუმცა, განსაკუთრებული პროდუქტიულობის გარეშე. საბოლოოდ, ტაიმი 0:0 დასრულდა, რაც თამაშის ხარისხიდან და სცენარიდან გამომდინარე საქართცელოს ნაკრებისთვის ურიგო შედეგი სულაც არ გახლდათ.

მეორე ტაიმში არსებითად არაფერი შეცვლილა. საქართველოს ნაკრები ისევ უფერული იყო და არაფერი იგრძნობოდა. ვილი სანიოლის გუნდი შეტევაში ძალიან მოიკოჭლებდა და საერთოდ არ იყო გააზრებული იერიშები. ვერც ინდივიდუალურად ვარგობდა რომელიმე ქართველი ფეხბურთელი და ასე მივიღეთ უსახური მატჩი, რომელშიც მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. თავის მხრივ, მეორე ტაიმში ჯონ ვან ტსხიპის გუნდივ ვერ ამწვავებდა თამაშს და თუ შევადარებთ, პირველ ნახევარში გაცილებით უკეთ ირჯებოდა. „ჯვაროსნებმა“ ყველაზე კარგი შანსი 84-ე წუთზე მიიღეს, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილის ჯარიმა ვლახოდიმოსმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგერია.

89-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. გურამ გიორბელიძეს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, საქმეში ვიდეორეფერი ჩაერაია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ანასტასიოს ბაკასეტასმა ზუსტად შეასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი საბერძნეთმა უპირატესობა გაზარდა, თავი დიმიტრის პელკასმა გამოიჩნა და - 0:2.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში ჩატარებულ ექვს მატჩში 1 ქულა აქვს მოპოვებული და ბოლო ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველო - საბერძნეთი 0:2 (0:0)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე; კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90); ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60) კვარაცხელია; მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

საბერძნეთი (3-4-3): ვლახოდიმოსი; ჰაციდიაკისი, მავროპულოსი, ცაველასი; ანდროუცოსი, სიოპისი (მანტალოსი 85), ბუხალაკისი, ციმიკასი; მასურასი (ცოლისი 78), ბაკასეტასი, პავლიდისი (პელკასი 46)

მწვრთნელი: ჯონ ვან ტსხიპი

გოლი: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელკასი (90)

გაფრთხილება: კანკავა (68), აბურჯანია (71), გიორბელიძე (89) - სიოპისი (6), ცაველასი (68), ანდროუცოსი (84), ბაკასეტასი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 15 (8) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დონატას რუმსასი (ლიეტუვა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129909