ფეხბურთი

23:18 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ვან ტსხიპი: "საქართველო კარგი გუნდია, ეს ჩვენთანაც დაამტკიცა და სხვა მატჩებშიც"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტსხიპმა საქართველოს ნაკრებთან (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტი კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით და თქვა, რომ საქართველო კარგი გუნდია.

„პირველ რიგში მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს ყველაფერი ჩვენი სასტუმროს გვერდით მოხდა და ყველაფერი ძალიან მძიმე იყო.

ჩვენი მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსის შენარჩუნება იყო. ბოლოს შევძელით გატანა, რაც ამტკიცებს, რომ ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში წარმატებით ვითამაშოთ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. მირჩევნია ჩემს გუნდს უფრო ვილაპარაკო, მაგრამ საქართველო კარგი გუნდია, ეს გამოჩნდა სალონიკიში და სხვა მატჩებშიც. დღესაც ძალიან გაგვიჭირდა, იმის მიუხედავად, რომ საგოლე მომენტები უფრო მეტი ჩვენ გვქონდა. მთლიანობაში ვფიქრობ, რომ საქართველო და საბერძნეთი დაახლოებით ერთნაირი გუნდები არიან. საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, ასევე სხვა ფეხბურთელებმაც.

დიახ, ბოლოს ვიდეორეფერით გაგვიმართლა და პენალტი დაინიშნა, მაგრამ მანამდე იმავე ვიდეორეფერიმ ჩვენი გოლი არ ჩათვალა. ჩვენ ვფლობდით უპირატესობას და პენალტიც ამის ხარჯზე მოვიპოვეთ, ბოლომდე ბრძოლის წყალობით. როცა ბოლომდე იხარჯები, შედეგსაც იღებ.

გასახდელში ფეხბურთელებს მივულოცე, კარგად ითამაშეს. უფრო კარგი იქნებოდა, გოლი მანამდე გაგვეტანა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მომდევნო მატჩებისთვის ახალ სრული კონცენტრაცია გვჭირდება, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ“, - თქვა ვან ტსხიპმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 6 თამაშში ერთი ქულა აქვს მოპოვებული და D ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას სამ დღეში, 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112347