ფეხბურთი

10:24 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო VS საბერძნეთი: ბევრი ფაქტორით მნიშვნელოვანი თამაში

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მეექვსე მატჩს ჩაატარებს და ზურგს ბევრი არაფერი უმაგრებს - ერთადერთი ქულა, რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან სტუმრად მოიპოვა.

სწორედ საბერძნეთია ვილი სანიოლის გუნდის მორიგი გამომცდელი, ამჯერად ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“. საქართველომ კოსოვოსაც ბათუმში უმასპინძლა, თუმცა უმაყურებლოდ, ახლა კი, ფანები შეზღუდული რაოდენობით დაუშვეს, მაგრამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სფფ-მ გადაწყვიტა, რომ თამაში უმაყურებლოდ ჩაატაროს.

სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს და სატურნირო მოტივაცია არ აქვს, მაგრამ ამ თამაშზე მაინც ბევრია დამოკიდებული. სხვა თუ არა, „ჯვაროსნებმა“ სექტემბრის კოშმარი და სირცხვილი უნდა დაავიწყონ გულშემატკივრებს და მეორეც - საბერძნეთთან საქართველოს ნაკრებს კატასტროფული ბალანსი აქვს: დაწვრილებით ქვემოთ...

ისტორია: 8 თამაში - 0 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება, 6:15 ბურთების ბალანსი

საქართველოსა და საბერძნეთის დუელები სათავეს 1996 წლიდან იღებს. 8 მაისს, იანინაში სპარინგშეხვედრა ბერძნებმა 2:1 მოიგეს. ანგარიში მე-15 წუთზე გოჩა გოგრიჭიანმა გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში დემის ნიკოლაიდისმა დუბლი შეასრულა.

მომდევნო 6 დაპირისპირება უკვე ოფიციალური სახის იყო. ევრო 2000-ის შესარჩევში, 1998 წლის 14 ოქტომბერს, საბერძნეთმა ათენში ნიკოს მახლასის, ნიკოს ლიბეროპულოსისა და მარინოს უზუნიდისის გოლებით ადვილად იმარჯვა (3:0), ხოლო 1999 წლის 5 ივნისს, თბილისში ანგარიში თემურ ქეცბაიამ 55-ე წუთზე გახსნა. თუმცა, ოთარ ხიზანეიშვილის ავტოგოლითა და ნიკოს მახლასის გოლით სტუმრებმა თამაში ბოლო 5 წუთში მოიგეს.

შემდეგ იყო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. 2005 წლის 25 მარტს „მიხეილ მესხზე“ 22-ე წუთზე საქართველოს ნაკრები მალხაზ ასათიანმა დააწინაურა, მაგრამ როგორც საბერძნეთთან მატჩების სცენარს ახასიათებდა, შემდეგ მეტოქე ეუფლებოდა უპირატესობას. მიხალის კაპსისმა, ცისის ვრიზასმა და სტელიოს იანაკოპულოსმა 53-ე წუთისთვის ყველაფერს წერტილი დაუსვეს (1:3). იმავე წლის 12 ოქტომბერს, პირეოსში ოტო რეჰაგელის გუნდმა დიმიტრის პაპადოპულოსის სწრაფი გოლით 1:0 მოიგო.

ამ შესარჩევ ეტაპამდე ჩვენი გზა ელადელებთან ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურში, პირეოსში, თემურ ქეცბაიას ნაკრები მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა დააწინაურა. უპირატესობა ვერც ამჯერად შევინარჩუნეთ, მაგრამ დადებითი ის იყო, რომ არ წავაგეთ. 72-ე წუთზე ნიკოს სპიროპულოსმა გაათანაბრა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან არ წააგო.

ბოლოსწინა დაპირისპირება 2011 წლის 11 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ შედგა და ტრადიცია არ დაირღვა - ვიგებდით და წავაგეთ. დავით თარგამაძემ მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ 79-ე და 85-ე წუთებზე გიორგიოს ფოტაკისმა და ანგელოს ხარისტეასმა საბერძნეთს მოაგებინა. ბოლოს კი, 31 მარტს, სალონიკიში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მოგებას უფრო საქართველო იმსახურებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ანგარიში ბერძნებმა ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით გახსნეს, რასაც მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა.

ამრიგად, საბერძნეთთან უცნაური სტატისტიკა გვაქვს იმ კუთხით, რომ 8 მატჩში 5 გოლი გავუტანეთ, რომლებიც 6 სხვა და სხვა თამაშზე ნაწილდება და ხუთ შემთხვევაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ანუ თამაშს იგებდა. თუმცა, ვერცერთხელ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, 4-ჯერ საერთოდაც წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

აწმყო

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, საბერძნეთს სატურნირო მოტივაცია ნამდვილად გააჩნია, რადგან 4 ტურში 6 ქულა აქვს და ჯერ უშანსოდ არაა. უფრო მეტიც, ჯონ ვან ტსხიპის გუნდი არ დამარცხებულა. წინა მატჩი მათ ათენში, შვედეთს მოუგეს და დიდი მუხტი მიიღეს, მანამდე ესპანეთთან სტუმრად ფრეც იყო, რაც შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ამავდროულად ფრეები საქართველოსთან და კოსოვოსთან, რამაც საბერძნეთის მდგომარეობას დიდი დარტყმა მიაყენა. ერთგვარად, ჩნდება არასტაბილური სურათი, თუმცა, ბერძენთა მწვრთნელმა მატჩამდე თქვა, რომ მისი გუნდი ყველა მეტოქეს პატივს სცემს და ყველასთან სათამაშოდ ერთნაირად სერიოზულად ემზადება.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს დაცვაში დანაკლისი აქვს. გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გავლენ. ტრავმის გამო გუნდს შეკრებაზე ოთარ კიტეიშვილი საერთოდ ვერ შეუერთდა, სხვა მხრივ კი, ყველა მოთამაშე მწყობრშია. მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე. სანიოლმა მატჩის წინ არ გააჟღერა ითამაშებს თუ არა, ორივე ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ეროვნული ნაკრების მაისურს მეასედ მოირგებს ჯაბა კანკავა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ლევან კობიაშვილის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდება, რომელიც ამ ნიშნულს მიაღწევს.

საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან მოსაგები აქვს. ბოლოს და ბოლოს, ელადელებთან მოჯადოებულ და მოუგებელ სერიას წერტილი უნდა დაესვას და მეორეც, ეს გამარჯვება გუნდში მენტალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ისევე, როგორც ნაწილობრივ სატურნირო სიტუაციასაც...

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე; კანკავა, აბურჯანია; წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102707