ფეხბურთი

23:18 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო აგენტი: "კვარაცხელია "აიაქსში" 12 მილიონად არ გაყიდეს, ახლა კი მისი ფასი ეცემა"

საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ხვიჩას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ახლა არავინ გადაიხდის და მისი ფასი ეცემა.

ღურწკაია მიიჩნევს, რომ „რუბინში“ მისი ღირებულება ზაფხულში არასწორად შეაფასეს და ისინი ინგლისიდან სარფიან წინადადებებს შეცდომით ელოდნენ.

„არავინ ყიდულობს ხვიჩას, მისი ფასი სტაბილურად ეცემა. რუბინმა 20 მილიონი ევრო მოითხოვა, ყველა იძახდა, რომ ნებისმიერი ინგლისური გუნდი იყიდდა მას, იმის გათვალისწინებით, რომ 30-40 მილიონ ევროს არაფერში იხდიან. სინამდვილეში არავინ იყიდა და ახლა ის ცუდად თამაშობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება მისი ფასის ვარდნა, თუ ახლა მაგრად ითამაშებს და საქართველოს ნაკრებში რაიმე სასწაულს მოახდენს. ახლა მასში 10-12 მილიონ ევროზე მეტს არავინ გადაიხდის.

ხვიჩა გაზაფხულზე კარგად თამაშობდა, ნაკრებში ესპანეთსა და საბერძნეთს გაუტანა და „რუბინში“ სწორედ მაშინ იფიქრეს, რომ მისი ღირებულება 20 მილიონი ევრო იყო. ვიღაცამ დაარწმუნა ისინი, რომ „აიაქსში“ 12 მილიონ ევროდ არ გაეყიდათ. ეგონათ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ინგლისიდან დიდძალ ფულს მიიღებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა“, - თქვა ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.151023