ფეხბურთი

22:29 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიამ ლორიას გოლი გაუტანა, გამარჯვება ქეცბაიას "ანორთოსისმა" მოიპოვა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ნიქოზიის „აპოელს“ უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა, თუმცა თავიდან აგებდა.

29-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც გასულ სეზონში სწორედ „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა. ქართველმა ფორვარდმა მას შემდეგ იხეირა, რაც გიორგი ლორიამ მეტოქის დარტყმა იდეალურად ვერ მოიგერია. ქვილითაიამ „აპოელის“ მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანა.

მისი გუნდი მხოლოდ 8 წუთი იგებდა და მერე ქეცბაიას გუნდმა გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა. ორივე ბურთი კოსტას არტმატასასის ანგარიშზეა. ქეცბაიამ გიორგი ლორია შეუცვლელად ათამაშა, რომელმაც 6 სეივი შეასრულა, ხოლო ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა თადარიგში დარჩნენ. „აპოელის“ მაისურით ქვილითაია 90 წუთი იყო მინდორზე, მურთაზ დაუშვილმა 55-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

„ანორთოსისს“ ოთხ თამაშში 6 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, ხოლო „აპოელი“ 5 თამაშში მხოლოდ 3 ქულით იწონებს თავს და მე-11 საფეხურზეა. ფამაგუსტელები მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, „აელს“ ესტუმრებიან, ნიქოზიელები კი 18 ოქტომბერს „ახნასს“ შინ დაუპირისპირდებიან.

0.116537