ფეხბურთი

20:05 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური მიქაუტაძე: გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეასრულა (+VIDEO)
მიქაუტაძეს კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს

ბელგიის იუპილერ ლიგის მეათე ტურის მატჩი არასდროს დაავიწყდება გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ზულტე ვარეგემთან ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ქართველი ფეხბურთელის ეს არც ამ სეზონშია პირველი ჰეთ-თრიქი და არც „სერანის“ რიგებში, მაგრამ პირველია ბელგიის იუპილერ ლიგაში.

აქამდე მას ერთ მატჩში 3 გოლი ბელგიის მეორე დივიზიონსა და ბელგიის თასზე ჰქონდა შესრულებული, ახლა უფრო მაღალ დონეზე მოაწყო ბენეფისი.

მიქაუტაძემ მერვე წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიში გახსნა, 71-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და არ შემცდარა, ხოლო 81-ე წუთზე კარგად გაიხსნა და დაუცველ კარში ახლო მანძილიდან შეძლო გატანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას შეეძლო უფრო შედეგიანი მატჩი ჰქონოდა, მაგრამ 58-ე წუთზე თამაშგარე მდგომარეობის გამო ერთი გოლი გააუქმეს.

„სერანმა“ 5:1 მოიგო და სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. შედეგად, 12 ქულა დააგროვა და 10 ტურის თავზე მე-13 საფეხურზეა, მომდევნო ტურში კი 16 ოქტომბერს, სტუმრად როიალს დაუპირისპირდება.

გიორგი მიქაუტაძე კი „სერანში“ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში - დაბრუნების შემდეგ 5 თამაშში უკვე 7 გოლი გაიტანა და ორჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ბელგიის ჩემპიონატში 4 თამაშში 4 გოლი და ბელგიის თასზე 1 თამაშში 3 გოლი). აქვე ვთქვათ, რომ გასულ სეზონში მან ბელგიური გუნდის მაისურით 22 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109722