ჩოგბურთი

21:25 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გაელ მონფისთან დამარცხდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გაელ მონფისთან 3:6, 3:6 დამარცხდა.

პირველ სეტში ბასილაშვილი საკვანძო მომენტში მერვე გეიმის დროს დაბრეიკდა (3:5), მონფისმა კი შანსი ჩინებულად გამოიყენა და სეტი მოიგო - 6:3. მეორე სეტში კი ნიკოლოზმა ზედიზედ ორ ჩაწოდებაზე ვერ ივარგა და მეტოქე 4:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ ქართველმა ერთი ბრეიკი კი შეასრულა და ანგარიში 3:5 გახდა, თუმცა მეცხრე გეიმში კვლავ დაბრეიკდა - 3:6.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ბასილაშვილის დომინირება უკანა ხაზიდან აშკარა იყო და მეტოქეზე გაცილებით ბევრი ვინერი შეასრულა, თუმცა ერთი კომპონენტი, რაც ქართველმა ვერ გამოასწორა, ჩაწოდებაა. პირველ ჩაწოდებას ნიკოლოზი 66 პროცენტით ასრულებდა, ხოლო მონფისი - 73 პროცენტით. ამ ჩაწოდებებიდან ნიკოლოზმა 58% მოიგო, ხოლო გაელმა - 74%. მეორე ჩაწოდებას ბასილაშვილი სუსტად ასრულებდა, ვერ იგებდა ქულებს და საერთოდ, მატჩში ეისი არ ჰქონია, მაშინ როდესაც გაელმა 11 ეისი შეასრულა და რაც მთავარია, ფრანგს 11 ბრეიკის შანსი ჰქონდა და ოთხი გამოიყენა.

საბოლოოდ, ბასილაშვილისთვის მეცის ტურნირი მეოთხედფინალურ ეტაპზე დასრულდა. მონფისამდე ნიკოლოზმა ჯანლუკა მაგერი და ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა დაამარცხა. ამ ტურნირზე ორი მოგების შემდეგ, ბასილაშვილი ლაივ რეიტინგში ჯერჯერობით ორი ადგილით დაწინაურდა რეიტინგში და 34-ე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110541