ჩოგბურთი

0:20 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი მუხლის ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს

ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა როჯერ ფედერერი ამბობს, რომ მუხლზე გაკეთებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

ფედერერმა აშშ-ის ღია პირველობაზე, სწორედ მუხლის პრობლემების გამო ვერ ითამაშა და განაცხადა, რომ ამ სეზონში კორტს აღარ დაუბრუნდება. მაშინ ამის მიზეზად, სწორედ მუხლის დაგეგმილი ოპერაცია დაასახელა.

40 წლის ჩოგბურთელს შარშან მუხლზევე ორი პროცედურა ჩაუტარდა, რის გამოც, წელიწადზე მეტი გაუცდა. კორტზე წელს, მარტში დაბრუნდა. ბოლოს უიმბლდონზე ითამაშა, რომელსაც მეოთხედფინალში გამოეთიშა. ცნობისათვის, მას დიდი სლემის ბალახის ტურნირი რვაჯერ აქვს მოგებული.

„თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი ისე არაა, როგორც ვიმედოვნებდი, მაგრამ გამოჯანმრთელების და რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის. გართულებები არ მაქვს. სურვილი მაქვს, რომ კორტზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. მაგრამ მოთმინება მმართებს. ეს ნელი პროცესია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიარო. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ“, - ევროსპორტთან საუბრისას ამბობს ფედერერი. ვის ანგარიშზეც, დიდი სლემის 20 ტიტულია.

ფედერერის გარდა, ამდენივე ტიტული აქვთ რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს და ეს მამაკაცთა ტურზე რეკორდია. ის დარწმუნებულია, რომ მამაკაცთა ტურზე შესაძლებელია კალენდარული დიდი სლემის შესრულება, რაც ერთ სეზონში ოთხივე ტურნირის მოგებას ნიშნავს. ახლახანს ამის შესაძლებლობა ჯოკოვიჩს ჰქონდა, მაგრამ აშშ-ის ღია პირველობის ფინალში დამარცხდა.

0.150144