ფეხბურთი

22:20 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე გამოჯანმრთელდა და შესანიშნავი საგოლე პასით დაბრუნდა (+VIDEO)

საბა ლობჟანიძემ ტრავმა მოირჩინა და საგოლე პასით დაბრუნდა. თურქეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში „ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელი „ქაისერისპორთან“ სასტარტო შემადგენლობაში არ იყო.

პირველი ტაიმი ანტაკიელებმა 0:1 წააგეს და საბა თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. მას 7 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ შეხვედრაში გარდატეხა შეეტანა და საგოლე პასი მიითვალა. საბამ მარჯვენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა, სისწრაფეში მეტოქე დაჩაგრა და გადაცემა მამე დიუფს გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორედ გაიტანეს და 2:1 მოიგეს.

საბა ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს საკუთარ ანგარიშზე. ეს იყო პირველი შეხვედრა სეზონში, რომელიც მან უგოლოდ დაასრულა, მაგრამ საგოლე პასს დასჯერდა.

„ჰატაისპორმა“, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტია, სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 10 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 სექტემბერს, „გიოზთეფეს“ ესტუმრება.

0.131477