ფეხბურთი

21:22 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საგოლე პასი და აქტიური თამაში: ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. 20 წლის შემტევი „ურალთან“ 4:0 მოგებულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და აქტიურობითაც გამოირჩა.

მესამე წუთზე ანგარიში სწორედ ხვიჩას კარგი თამაშის შედეგად გაიხსნა. მან მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ანდერს დრეიერს, რომელსაც „რუბინში“ დებიუტი ჰქონდა და მანაც ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა. აქვე ვთქვათ, რომ ეს მატჩი დრეიერის ბენეფისი იყო, რადგან მე-80 და 90-ე წუთებზე კიდევ გაიტანა და ყაზანური გუნდის მაისურით პირველივე მატჩში ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ხვიჩამ მეორე საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა. ისევ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, სამოშნიკოვს კარგი პასი მისცა, მან საჯარიმოში ჩააწოდა და იქ არტიომ მამინმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს მე-13 წუთზე მოხდა. კვარაცხელიას გოლის გატანის შანსი მე-18 წუთზე ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. ქართველი ფეხბურთელი ლეონიდ სლუცკიმ 63-ე წუთზე შეცვალა. ხვიჩას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

„ურალის“ რიგებში ითამაშა ლუკა გაგნიძემ, რომელიც მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 70-ე წუთიდან სტუმართა რიგებში რუსეთის მოქალაქე ლეო გოგლიჩიძემ ითამაშა.

ყაზანის „რუბინმა“ მოუგებელი სერია დაასრულა, 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, ლიდერ „ზენიტს“ უმასპინძლებს. „ურალს“ შვიდ ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და 20 სექტემბერს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

0.165462