ფეხბურთი

16:52 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ხვიჩა ევროპაში წავა"

ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ისაუბრა. მან თქვა, რომ ზაფხულში კლუბს არცერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია და ტრანსფერიც ამიტომ არ შედგა.

„ხვიჩა დიდი ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად ითამაშებს დიდ ევროპულ კლუბში. უბრალოდ, მხოლოდ 20 წლისაა და მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა უმაღლეს დონეზე. ხდება ხოლმე, როცა ფეხბურთელები დაუყოვნებლივ არ გადადიან დიდ გუნდში. თვალწინ მაქვს ოდეგორის მაგალითი, რომელთანაც ერთად „ვიტესში“ ვიყავი. აშკარა იყო, რომ ის ითამაშებდა დიდ გუნდში, მაგრამ „რეალმა“ ორჯერ გაანათხოვრა და მხოლოდ ახლა გააფორმა „არსენალთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი. „რეალს“ მისი იჯარით გაშვება სჭირდებოდა, მაგრამ ხვიჩას შემთხვევაში ეს არ არის საჭირო, მას არ სჭირდება შუალედური ნაბიჯის გადადგმა, უბრალოდ ამისთვის დიდი დროა საჭირო. ჩვენ გვჯერა მისი და მას უხარია ჩვენთან ყოფნა. ხვიჩა წავა ევროპულ კლუბში და მისი ტრანსფერი დროის საკითხია. ოთხმა გუნდმა ისაუბრა ჩვენთან, მაგრამ საქმე საბოლოო შეთავაზებამდე არ მისულა. არცერთ გუნდს არ გამოუგზავნია ოფიციალური დოკუმენტი და ეს ასევე არის ნორმალური და ლოგიკური. იმიტომ, რომ ასეთი ფეხბურთელისთვის თუ საბოლოო მოლაპარაკებებს იწყებ, გარიგებასაც დაასრულებ“, - თქვა იაროვინსკიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.126068