ფეხბურთი

1:38 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფმა" ზაგრების "დინამოს" მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა

ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის ეტაპი დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. მთავარი კი მოლდოვის ჩემპიონის „შერიფის“ წარმატებაა, რომელმაც ზაგრების „დინამო“ 3:0 დაამარცხა და ძალიან ახლოსაა ჯგუფურ ეტაპთან.

ტირასპოლელებმა ხორვატიის ჩემპიონს, რომელიც გაცილებით ძლიერი და გამოცდილია, შანსი არ დაუტოვეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამრიგად, იური ვერნიდუბის გუნდი მართლაც ახლოს არის ისტორიის დაწერასთან, რადგან მოლდოვურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. გავიხსენოთ ისიც, რომ ორი წლის წინ "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "საბურთალომ" გააგდო და თანაც, მოლდოვაში 3:0 აჯობა. ვთქვათ ისიც, რომ გუნდის გენერალური დირექტორი ქართელი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც 1999-2012 წლებში იცავდა ტირასპოლელთა ღირსებას და ფეხბურთელის რანგშიც დიდი კვალი დატოვა.

დონეცკის „შახტარი“ „მონაკოს“ ესტუმრა და მატჩის დასაწყისშივე პედრინიოს გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა, რითაც საპასუხო თამაშის წინ ფავორიტად იქცა, მაგრამ ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის.

კიდევ ერთი შეხვედრა ავსტრიაში გაიმართა, სადაც „ზალცბურგი“ მატჩის დასაწყისშივე აგებდა დანიურ „ბრონდბიუსთან“, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება შეცვალა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩები ერთი კვირის თავზე გაიმართება.

მანამდე კი ოთხშაბათს, „ბენფიკა“ პსვ ეინდჰოვენს, „მალმიო“ „ლუდოგორეცს“ და „იანგ ბოიზი“ „ფერენცვაროშს“ შეხვდება.

„შერიფი“ – „დინამო ზაგრები“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტრაორე (45), 2:0 კოლოვოსი (54), 3:0 ტრაორე (80)

„ზალცბურგი“ – „ბრონდბიუ“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ურე (4), 1:1 ადეიმი (56), 2:1 აარონსონი (90)

„მონაკო“ – „შახტარი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 პედრინიო (19)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153997