მძლეოსანთა ერთიანობის კავშირის (AIU) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, ბრიტანელი ჩიინდუ უჟა დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევაშია მხილებული და საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა.
ტოკიოს ოლიმპიადის პერიოდში, დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები, კიდევ სამ მძლეოსანს შეეხო. მათ შორისაა საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრი ბენიკ აბრამიანი, ვინც ბირთვის კვრაში ასპარეზობდა. შეჯიბრებში გამოსვლის უფლება ასევე შეუჩერდათ 1500 მეტრზე მორბენალ ბაჰრეინელ სადიკ მიხუს და კენიელ სპრინტერ მარკ ოტიენო ოდიამბოს.
AIU-ს განცხადებით, ოლიმპიდის შემდეგ, კავშირმა დოპინგ კონტროლის ლაბორატორიისგან მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ უჟასგან აღებული სინჯის ანალიზმა, დადებითი შედეგი აჩვენა. ანალიზში ორი პრეპარატის გამოყენებაა დადასტურებული. ესენია ოსტარინი და S-23, რომლებიც მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციის (WADA) მიერ კლასიფიცირებულია, როგორც ანდროგენული რეცეპტორის მოდულატორი (SARM), რომლის ზემოქმედებაც ისეთივეა, როგორიც ანაბოლურ სტეროიდებს აქვს.
უჟას გარდა, ვერცხლის მედლის დაკარგვის საფრთის წინაშე არიან მედალოსანი კვარტეტის სხვა წევრებიც - ჟარნელ ჰიუზი, რიჩარდ კილტი და ნეთანიელ მიტჩელ-ბლეიკი.







