ფეხბურთი

0:33 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" კონფერენს ლიგას ღირსეულ ბრძოლაში დაემშვიდობა

ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა. „დინამო ბათუმი“ უეფას კონფერენს ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა, მაგრამ ღირსეულ ბრძოლაში.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ბათუმელებმა შინ „სივასპორთან“ ბოლო 15 წუთში და უფრო კონკრეტულად, ბოლო წუთზე გაშვებული გოლით წააგეს (1:2), ახლა კი თურქეთში დამატებით დრომდე მიიყვანეს საქმე.

„სივასპორი“ ამ თამაშს 20-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა (თებერვლიდან მოყოლებული), მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდმა ძირითად დროში თურქების ეს ფანტასტიკური სერია შეწყვიტა. ბათუმელები უკეთ თამაშობდნენ და დამსახურებულად გახსნეს ანგარიში. თუმცა, იქამდე, 63-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას შედევრალური გოლი გაჰქონდა, სამი მცველი მოატყუა და მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. დამატებაზე ჯოვინომ სუსტად და არაზუსტად დაარტყა. 15 წუთში ფანცულაიამ მაინც გაიტანა. სანდრო ალთუნაშვილისა და ბენჟამენ ტეიდის მარტივი, მაგრამ სუპერკომბინაცია გიორგიმ ახლო მანძილიდან ზუსტი დაარტყმით დაასრულა.

„დინამო ბათუმმა“ 1:0 მოიგო და ვინაიდან, სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს, დამატებითი დრო დაინიშნა. აი, იქ თურქები უკეთ ათამაშდნენ და მომენტებიც შექმნეს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ძირითად დროზე. 105-ე წუთზე მიხეილ ალავიძემ ფანტასტიკური სეივით გადაარჩინა თავისი გუნდი და ჟორჟე ფელიქსს აჯობა. იგივე დუელი 110-ე წუთზე შედგა და ამჯერად გამარჯვებული ესპანელი შემტევი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ალავიძემ ამ ეპიზოდში კიდევ ერთი რთული დარტყმა მოიგერია და ფელიქსმა დამატებაზე იხეირა.

ამრიგად, ფრე 1:1 120 წუთის შემდეგ, ორი მატჩის ჯამში კი „სივასპორმა“ 3:2 მოიგო და პლეი-ოფში გავიდა, სადაც დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ შეხვდება.

„დინამო ბათუმს“ კი მხოლოდ ქება ეკუთვნის. მართლაც კარგად გამოვიდა ამ ევროსეზონზე გია გეგუჩაძის გუნდი და ცოტა არ გაუმართლა, რომ პლეი-ოფამდე მისულიყო...

„სივასპორი“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 დ.დ (0:0)

სივასი, „ეილულ სთედიუმი“

„სივასპორი“ (4-3-3): ვურალი; ოღუზი (კოფი 69), ოსმანპაშა, ალტინაი, ჩიფტჩი; არსლანი (ერდალი 103), აზუბუიკე, ფაჯრი (ჯორჟე ფელიქსი 81); ილმაზი (გრადელი 59), ჯეიმსი (იატაბერე 59), კაიოდე

მწვრთნელი: რიზა ჩალიმბაი

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): ალავიძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ტეიდი (გაგოშიძე 113), მანჯგალაძე (მანჯგალაძე 46); მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 102), ალთუნაშვილი (გროცურეკი 113), ჯიღაური (ნავალოვსკი 73); ჯოვინო (ნიქაბაძე 85)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ჟორჟე ფელიქსი (110)

გაფრთხილება: ოღუზი (25), ფაჯრი (45), ჟორჟე ფელიქსი (111) - მანჯგალაძე (2), ნავალოვსკი (118)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 11 (3) ბურთის ფლობა: 53%-45% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: რიკარდო დე ბურგოსი (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140456