ფეხბურთი

15:46 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საინტერესოა...

ლეო მესი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. უკვე საინტერესოა არა? „ბარსელონას“ მაისურის გარეშე ხომ ვერ წარმოგვედგინა გენიალური არგენტინელი. ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგება ჩემი ოცნებაა და პარიზი დღეს საუკეთესო ადგილია ამ ოცნების ასასრულებლადო - თქვა ოთხშაბათს თავის პირველ პარიზულ პრესკონფერენციაზე მესიმ.

მართლაც ძალიან საინტერესოა როგორი იქნება ახალი პსჟ.

და „ბარსელონა“? ეს გუნდი ხომ მთლიანად მესიზე იყო აწყობილი. რა შეიძლება ითქვას, არგენტინელის წასვლამ, შესაძლოა, კატალონიური გუნდი დიდი პრობლემების წინაშე დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ ვალებში იხრჩობიან და სატრანსფერო ბაზარზეც დიდად ვერ იაქტიურებენ.

თუმცა მეორე ვარიანტიც არსებობს. მესის წასვლამ შეიძლება ფეხბურთელებს წნეხი მოუხსნას, უფრო თავისუფლად ათამაშდნენ და რონალდ კუმანის ხელში ახალი „ბარსას“ დაბადებაც ვიხილოთ. მსგავსი რამ არა-ერთხელ მომხდარა.

მაგრამ დავუბრუნდეთ პსჟ-ს. ამ სიტუაციაში მაურისიო პოჩეტინოსი ნამდვლად არ შემშურდებოდა. ეს გარედანაა ადვილი ხელები მოიფშვნიტო, ტელევიზორთან მყუდროდ მოეწყო და ინტერესით უცქირო რას „ჩაიდენს“ არგენტინელი ახალ კლუბში.

მწვრთნელი კი დილემის წინაშე დადგა. ძალიან გადაიტვირთა გუნდი შემტევი ფეხბურთელებით. მესი, ნეიმარი, მბაპე, დი მარია და იკარდი... ერთდროულად ამათ თეორიულადაც ვერ განალაგებ მინდორზე. ამიტომ საჭიროა გამოსავლის ძებნა. ადგილმონაცვლეობა. რომელიმეს თადარიგში დასმაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ესეც ინტრიგა...

პოჩეტინომ საკმაოდ მოქნილ მწვრთნელად დაგვამახსოვრა თავი. მაგალითად, უარი თქვა საფირმო მაღალ პრესინგზე და „ტოტემჰემთან“ ერთად ისე მივიდა ჩემპიოთა ლიგის ფინალამდე. ახლა კი მას მესისთან ექნება საქმე, რომელიც ყველა მწვრთნელს ურთულესი დილემის წინაშე აყენებს - ააწყონ, ან გადააწყონ გუნდი მასზე.

და ეს ყველაფერი არ არის. როცა დიდ მატჩებში მესი, ნეიმარი და მბაპე ერთდროულად იქნებიან მინდორზე, გუნდის დაცვისუნარიანობა საგრძნობლად შემცირდება. გართულდება პრესინგის თამაში. ცხადია, ისინი პროფესიონალები არიან და დაცვაშიც ხშირად გვინახავს ჩასულები მაგრამ მაინც.

საერთოდ, პსჟ-ის მესის გარეშეც არ აკლდა ვარსკვლავები. მაგრამ ყოველთვის იმას საყვედურობენ, რომ ჰყავს ვარსკვლავები, მაგრამ დღემდე ვერ შექმნა „გუნდი ვარსკვლავი.“ ერთიანი სტრუქტურა. მათი თამაში ძირითადად ნეიმარსა და მბაპეს მოხერხებაზეა აწყობილი, გუნდურობა კი ისეთ დონეზე ვერ აქვთ, როგორიც ასეთი ამბიციის კლუბს სჭირდება.

ახლა პოჩეტინოს საკმაო ტვინისჭყლეტა მოუწევს, რათა ასეთი გადახუნძლული გუნდი სწორად ათამაშოს და შედეგი დადოს. შედეგი კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის (დამატებით სხვა ტურნირებისაც) მოგება იქნება. თუ არა და, თამასა ძალიან მაღლაა აწეული, ამიტომ ჩავარდნის შემთხვევაში ჭახანის ხმა, ალბათ კოსმოსში გაისმება.

ერთი კვირის წინათ ყველას ეგონა, რომ მესი „ბარსელონაში" დარჩებოდა. პოჩეტინოს კი თავისი გეგმები ჰქოდა. ახლა ყველაფერი თავდაყირა დაუდგა. თავიდან უნდა დაიწყოს, რაღაც ახალი მოიფიქროს. თუმცა, უკვე მესისთან ერთად.

მესისთან ერთადო, ტყუილად არ გვითქვამს. არგენტინელს, ფაქტობრივად „ბარსელონასთან“ ერთად ბოლო ორი სეზონი ჩაუვარდა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება, დიდი ვერაფერი მიღწევაა ასეთი გუნდისთვის.

ამიტომ ამბობს ლიგის კვლავ მოგება ოცნებად გადამექცაო. ლეოს ტიტულები მოშივდა და ეს ძალიან სახიფათო იქნება მისი ყველა მეტოქისთვის.

0.115775