კალათბურთი

19:38 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: ქალთა შორის საკალათბურთო ტურნირის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

კალათბურთში ტოკიოს ოლიმპიადაზე ქალთა შორის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ფავორიტმა აშშ-ს ნაკრებმა ავსტრალია იოლად დაამარცხა ანგარიშით 79:55. ამერიკელებმა პირველი სამი მეოთხედი დიდი უპირატესობით მოიგეს და მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლო ავსტრალიამ ანგარიშის მცირედით შემცირება. აშშ ბოლო 6 ოლიმპიადის გამარჯვებულია და ზედიზედ მე-7 ტიტულისთვის იბრძვის.

ნახევარფინალში აშშ სერბეთს შეხვდება, რომელმაც ჩინეთი ბოლო მეოთხედში (28:12) გატეხა და 77:70 მოუგო. ამ წყვილში ფავორიტი ჩინეთი იყო, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო, თუმცა ბალკანელების წინააღმდეგ წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.

ტურნირის ნახევარფინალში გავიდა მასპინძელი იაპონიის ნაკრები, რომელმაც ბელგია მძიმე ბრძოლაში 86:85 დაამარცხა. იაპონია მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ბოლო მეოთხედი 25:17 მოიგო და საუკეთესო ოთხეულში მოიპოვა ადგილი. იაპონიის მეტოქე საფრანგეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც ლიდერი ესპანეთი 67:64 დაამარცხა. საფრანგეთი მეოთხედფინალში საუკეთესო მესამე ადგილის წყალობით გავიდა, ხოლო ესპანეთმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ფრანგებთან თავიდანვე ჩამორჩნენ და ბოლო მეოთხედში გარდატეხა ვერ მოახდინეს.

ამრიგად, ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა აშშ-ს და სერბეთს შორის 6 აგვისტოს თბილისის დროით 08:40 საათზე დაიწყება, ხოლო იაპონიის და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს 15:00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

თეგებიტოკიო 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108573