კალათბურთი

14:26 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა იტალიას მძიმე ბრძოლაში აჯობა და ნახევარფინალში გავიდა

ტოკიოს ოლიმპიადაზე სლოვენიისა და ამერიკის შემდეგ ნახევარფინალში თამაშის უფლება საფრანგეთმა მოიპოვა. ფრანგებმა მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 84:75 აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და საფრანგეთმაც 9-ქულიანი სხვაობა სწორედ მაშინ მოიპოვა, თორემ იტალია უფრო ახლოს მეტოქესთან და მინიმუმ ოვერტაიმში თამაშის გადაყვანის შანსი ჰქონდა.

იტალიამ პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდები წააგო, მთლიანობაში კი 15 ქულით ჩამორჩა ამ ოც წუთში მეტოქეს და ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით აგებდა. აპენინელებმა იბრძოლეს, ერთი ხანობა ანგარიში გაათანაბრეს და წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ არაზუსტად ისროლეს და იტალიაც სწორედ იმ მომენტში გატყდა.

საფრანგეთის ნაკრების რიგებში რუდი გობერი 22 ქულით და 9 მოხსნით გამოირჩა, ხოლო ევან ფურნიემ 21 ქულა 3 მოხსნა და 4 პასი დაამატა. კარგი მატჩი ჰქონდა ნიკოლას ბატუმს, რომელმაც 15 ქულას 14 მოხსნა წაამატა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

იტალიის ნაკრებში სიმონე ფონტეკიომ 23 ქულა დააგროვა, ხოლო დანილო გალინარიმ 21 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. აჩილე პოლონარამ 15 ქულას 7 მოხსნა დაამატა, მაგრამ ამ სამი კალათბურთელის კარგი გარჯა იტალიისთვის საკმარისი არ გამოდგა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო ამერიკის ნაკრების მეტოქე არგენტინისა და ავსტრალიის წყვილში გაირკვევა.

იტალია - საფრანგეთი 75:84 (25:20, 17:23, 12:21, 21:20)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132182