სხვა

21:10 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსანთა ნაკრების ექიმი: "გამოუვალი სიტუაცია იყო, ბრინჯაო ოქროს ტოლფასია"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ანტონ პლესნიოს გამოსვლა შეაფასეს, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პლესნოიმ აკვრის დისციპლინაში ტრავმა მიიღო და გადამწყვეტი წონა სწორედ ტრავმირებულმა დააფიქსირა, რის გამოც ჭინჭარაული ფიქრობს, რომ ეს ბრინჯაო ოქროს ტოლფასია.

„ანტონ პლესნოის ვულოცავ ბრინჯაოს მედალს. მან ტრავმა მიიღო და ყველაფერი გააკეთა, რომ მედალი მოეპოვებინა. ეს უკვე ჩვენი მეხუთე მედალია და ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ამ წარმატებას. იმედი მაქვს, რომ მედლები კიდევ გვექნება და ის დევიზი, რაც გვაქვს, უკეთ, ვიდრე წინა თამაშებზე, ვფიქრობ შესრულდება“, - თქვა ლერი ხაბელოვმა.

„რა თქმა უნდა, პლესნოისგან ძალოსნობის ფედერაცია მედალს ველოდით და მან ეს გააკეთა. რომ არა ტრავმა, შეიძლება უკეთესი შედეგიც ყოფილიყო, ამიტომ, ახლა უნდა დავჯერდეთ ბრინჯაოს მედალს, რომელიც მან საერთო ყულაბას შემატა. ვულოცავ ანტონს, ფედერაციას და საქართველოს წარმატებულ ასპარეზობას“, - განაცხადა კახიაშვილმა.

„ვულოცავ ჩემს ქვეყანას მედალს, რომელიც ანტონ პლესნოიმ თავისი ღირსეული გამოსვლით მოიპოვა. ჩემი აზრით, ამ მედალს ოქროს ფასი აქვს, რადგან მუხლის სახსრის ტრავმა მიიღო. თითქმის გამოუვალი მდგომარეობა იყო და ერთ-ორ წუთში გადაწყდა ჩემი და გიორგი ასანიძის შეთანხმებით, რომ შესაბამისი პროცედურა გაგვეკეთებინა, რაც იმ მომენტში ტკივილს გააყუჩებდა. ვფიქრობ, ამ ტრავმის იმ მომენტში აღმოფხვრა ნორმალურად შევძელით, თუმცა თავს კმაყოფილად არ ვგრძნობ, რადგან კარგად ვიცი, მისი შესაძლებლობები და მინიმუმ ვერცხლისთვის ბრძოლა შეგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ბრინჯაოს დავყაბულდით. ვულოცავ საქართველოს და ასევე უკრაინელ ხალხს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, არანაკლებ ქომაგობდნენ ანტონს“, - თქვა ჭინჭარაულმა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ამ დროისთვის უკვე 5 მედალია - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ანტონ პლესნომდე მედლები ძიუდოისტებმა მოიპოვეს: ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები.

ძალოსნობაში საქართველოს ტოკიოში კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს, მთავარი იმედი ლაშა ტალახაძე, რომელიც 4 აგვისტოს იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113418