ჩოგბურთი

12:06 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ზვერევთან ბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. მერვედფინალში 29 წლის ქართველი მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერ და ოლიმპიადაზე მესამე ნომრად განთესილ ალექსანდრ ზვერევს დაუპისპირდა და ორ სეტში, 4:6, 6:7 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი გერმანელი ჩოგბურთელის ჩაწოდებამ გადაწყვიტა. ზვერევი ამ კომპონენტში უბრალოდ შეუდარებელი იყო.

პირველი სეტი ისე მიილია, რომ მეტოქის ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა ერთი გათამაშებაც ვერ მოიგო, რაც მთლიანად ზვერევის დამსახურებაა, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკურად აწვდიდა. 4:4-ზე კი გერმანელმა მოახერხა პირველი ბრეიკის მოგება და ამან სეტის ბედი გადაწყვიტა.

მეორე სეტშიც სურათი არ იცვლებოდა, ნიკოლოზმა მეხუთე გეიმში მოახერხა და როგორც იქნა, გერმანელის ჩაწოდებაზე ორი გათამაშება მოიგო, მაგრამ გეიმი - ვერ. მერე კი ზვერევმა ბრეიკი შეასრულა და 5:3 დაწინაურდა. ზვერევის ჩაწოდება იყო და 40:15 დაწინაურდა, რაც ნიშნავდა, რომ ორმაგი მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა მოახერხა, ანგარიში გაათანაბრა, მერე კი თავად მოახერხა ბრეკპოინტამდე მისვლა, თანაც სამჯერ. სწორედ მესამე ბრეიკპონტი გამოიყენა და პირველად მოახერხა მეტოქის ჩაწოდების მოგება - გარდამტეხ, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც გერმანელს თამაშის დასრულება შეეძლო. ზოგადად, ეს იყო ერთადერთი გეიმი ზვერევის ჩაწოდებაზე, როცა ბრძოლა შედგა და გერმანელმა შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ განსაკუთრებით ნიკოლოზის კარგი თამაში უნდა გამოვყოთ, რომელმაც კონკრეტულად ამ გეიმში დიდებულად ითამაშა.

საბოლოოდ მეორე სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ისევ იბრძოლა, მაგრამ ტაიბრეიკი 5:7, სეტი 6:7 და შეხვედრა 4:6, 6:7 წააგო, რის შედეგადაც ოლიმპიადას გამოეთიშა. აღნიშნული მატჩი საათსა და 39 წუთს გაგრძელდა, ზვერევმა 11 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო ბასილაშვილის აქტივში 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოში ორი წრე გადალახა, ჯერ რობერტო კარბალეს ბაენა და მერე ლორენცო სონეგო დაამარცხა.

ალექსანდრ ზვერევი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 (6:4, 7:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107326