ძიუდო

13:02 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანმა ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა

ტოკიოს ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელმაც რეპეშაჟის პირველივე შეხვედრა წააგო.

ჩხვიმიანი (60 კგ) სამხრეთ კორეელ ჯინ ვონ კიმს დაუპირისპირდა და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის გავიდოდა ტატამზე, მაგრამ ძალზე დაძაბულ შეხვედრაში იპონით დამარცხდა. შეხვედრა 9 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა და ერთადერთი მომგებიანი გდება აზიელმა ძიუდოისტმა განახორციელა.

ამრიგად, ლუხუმი მედლის გარეშე დარჩა. მან თავდაპირველად აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი იოლად, იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო. იქამდე კი მსაჯებმა ძალზე საკამათო ვითარებაში ლუხუმის გდება არ დააფიქსირეს.

აქვე გეტყვით, რომ 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა, ხოლო საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ისიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. 25 ივლისს, ტატამზე 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გავა, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთვება ასპარეზობაში და იაკუბ შამილოვისა და სებასტიან შეიდლის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.178027