კალათბურთი

0:40 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი პირველი მოქმედი კალათბურთელია მილიარდდოლარიანი ქონებით

თავისი თითქმის 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, ლებრონ ჯეიმსმა სახელის მოხვეჭის გარდა, დიდძალი ქონებაც დააგროვა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავის მიერ ხელფასის, სარეკლამო შემოსავლების, სუვენირების გაყიდვებით და წარმოებით მიღებული შემოსავლები, 1 მილიარდ დოლარს ასცდა.

ინტერნეტ გამოცემა „სპორტიკოს“ ინფორმაციით, ლებრონის მიერ, NBA-ში ხელფასის სახით მიღებული თანხა 330 მილიონ დოლარს აღწევს, სუვენირებით, სარეკლამო კონტრაქტებით, მედია კომპანიით და სხვა შემოსავლებით კი 700 მილიონზე მეტი დოლარი დაუგროვდა.

გაცილებით მეტი ქონება აქვს ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს, მაგრამ ის მილიარდს მას შემდეგ ასცდა, რაც სპორტიდან წავიდა და მისმა ქონებამ უკვე 2 მილიარდსაც გადააჭარბა. მაგრამ მოქმედ კალათბურთელებს შორის, მილიარდერთა კლუბი ლებრონმა გახსნა.

ლებრონი ვარსკვლავი მანამ გახდა, სანამ ნბა-ში თამაშს დაიწყებდა. ასოციაციაში კი მის ანგარიშზე 17 ოლ-სტარი და 4 საჩემპიონო ბეჭედია. თავისი მიღწევების წყალობით, ლებრონს „ნაიკთან“ სამუდამო კონტრაქტი აქვს, რომლის ჯამური ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს ასცდება. მასვე არაერთი მსხვილი კონტრაქტი აკავშირებს „ჯენერალ მოტორსთან“, AT&T-თან, „ვალმარტთან“, „პეპსისთან“ და სხვა კომპანიებთან. მის მედია კომპანიას შოუები აქვს HBO-ზე, ABC-ზე და არაერთი პოპულარული დოკუმენტური ნაშრომი აქვს შექმნილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114867