ავტოსპორტი

1:39 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი გაჩერდებოდა, რბოლა რომ არ შეჩერებულიყო

ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას, ლუის ჰამილტონის და მაქს ფერსტაპენის შეჯახებამ, საბოლოო შედეგი განსაზღვრა. თუმცა იყო იმის რეალური შესაძლებლობა, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ჰამილტონის ნაცვლად, სხვა ასულიყო. ეს იმ შემთხვევაში, თუ რბოლა არ შეწყდებოდა.

ფერსტაპენი ასპარეზობას ინციდენტისთანავე გამოეთიშა. კედელთან შეჯახების გამო, მისი მანქანა ძლიერ დაზიანდა. ჰამილტონი ტრასაზე დარჩა. მაგრამ მისი მანქანაც დაზიანებული იყო. და რომ არა წითელი დროშა, ფინიშამდე ალბათ ვერც ის მიაღწევდა. ასე ფიქრობს „მერსედესის“ მთავარი ინჟინერი ენდრიუ შოვლინი.

„ჩვენ მარცხენა ბორბლის დისკი დაგვიზიანდა, რომელზეც შეჯახება მოხდა. ასე რომ, წითელი დროშის გარეშე, ჩვენ გაჩერება მოგვიწევდა“, - ყვება შოვლინი.

ლაპარაკია დაზიანებაზე, რომელსაც დაუყოვნებელი ეფექტი არ ჰქონია, მაგრამ დიდი ალბათობით, რბოლისას აუცილებლად გამოვლინდებოდა. ეს დაზიანება გუნდმა მაშინ აღმოაჩინა, როცა რბოლა შეჩერდა და ინჟინრებმა მანქანა დაათვალიერეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰამილტონის მანქანაზე სხვა დეტალებსაც დასჭირდა სწრაფი რემონტი. მაგრამ როგორც გაირკვა, ტემპერატურის სენსორი ამოვარდნილი იყო, რომელიც თავის ადგილზე სწრაფად დააბრუნეს. შოვლინი განმარტავს, რომ სენსორის გამო ჰამილტონს გაჩერება არ მოუწევდა.

FIA-ს სარბოლო დირექტორმა მაიკლ მასიმ განაცხადა, რომ რბოლის გაჩერებას თავისი მიზეზი ჰქონდა. „რედ ბული“ ძლიერ იყო დაზიანებული და სწრაფად იმის განსაზღვრა, შეიძლებოდა თუ არა მასთან შეხება, შეუძლებელი იყო. საქმე ისაა, რომ დაზიანების ხარისხის გამო, შესაძლოა მანქანის ელემენტების ბლოკში დაგროვილ დენს მომსახურე პერსონალისთვის დაერტყა. ამის გამო, ევაკუაცია დროში გაიწელა.

„მაქსის მანქანაზე ტელემეტრია გაითიშა და არავის შეეძლო იმის თქმა, თუ რა მდგომარეობაში იყო ERS. ამიტომ, ჩვენ ადგილზე გუნდის ორი წევრი მივავლინეთ. მათ დაადასტურეს, რომ მანქანასთან შეხება სახიფათო არ იყო და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ევაკუაცია. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა შეგვეკეთებინა ბარიერები“, - დასძენს მასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111722