ფეხბურთი

13:53 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთის „ნავი“

„გარეთ, შენ საუკეთესო ხარ, გვჯერა შენი, ფეხბურთი შინ ბრუნდება!“ - მღეროდნენ რომის ოლიმპიური სტადიონიდან გამომავალი ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები...

ისინი უნისონში გასძახოდნენ, მათმა გუნდმა გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით, შეუძლებელი შეძლო - ზედიზედ მეორედ გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში. ასეთი რამ ალფ რამსეის (ახლა რემსისაც წერენ, რემზისაც, მაგრამ ჩვენ, როგორც მიჩვეული ვართ - რამსეი დავწეროთ) შემდეგ აღარ მომხდარა. 1966 წელს ლეგენდარულმა სერ ალფმა ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი გახადა, ორი წლის შემდეგ კი, ევრო 68-ზე ნახევარფინალში გაიყვანა.

საუთგეიტმა კი სამი წლის წინათ, 2018 წლის მუნდიალზე, „სამი ლომი“ საუკეთესო ოთხეულში მოახვედრა და ახლა ისინი ისევ ნახევარფინალში არიან.

ევრო 2020-ის მოგების შემთხვევაშიც კი, საუთგეიტი რამსეის ვერ აჯობებს, იმიტომ, რომ სერ ალფმა ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონები გახადა. მსოფლიო ჩემპიონობა კი, მსოფლიო ჩემპიონობაა.

სამაგიეროდ, საუთგეიტმა უკვე აჯობა ასევე ლეგენდარულ სერ ბობი რობსონს და ტერი ვენეიბლზს. ვენეიბლზმა ევრო 96-ის ნახევარფინალამდე მიიყვანა „სამი ლომი,“ თუმცა შემდგომ ტურნირზრე, 1998 წლის მუნდიალზე, მათ უკვე გლენ ჰოდლი თავკაცობდა.

რობსონმა გასკოინი და კომპანია იტალია 90-ის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოახვედრა, თუმცა ამას წინ საშინელი ევრო 88 უძღვოდა, როცა ინგლისელები ჯგუფიდანაც ვერ გავიდნენ.

სადღეისოდ საუთგეიტმა ინგლისელთათვის დიდ ტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიშებით გამარჯვებებიც დააფიქსირა - სამი წლის წინათ, პანამასთან 6:1 და ახლა უკრაინასთან 4:0.

არადა, გაზაფხულზე და ევროს დაწყების წინაც, საუთგეიტმა ბევრი კრიტიკა მოისმინა ჟურნალისტებისგანაც და გულშემატკივრებისგანაც. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მოსაწყენი თამაში გახლდათ. ეს გასაგებიცაა, ინგლისელებს უყვართ ლაღი ფეხბურთელები, სანახაობა. ამიტომ ჰყავთ მთელ მსოფლიოში ამდენი ქომაგი.

მაგრამ საუთგეიტმა გუნდი ისე ააწყო, რომ შეიძლება უსახურად ირჯებიან, მაგრამ შედეგს აღწევენ.

ერთა ლიგის გათამაშებაში წარუმატებლობამ ღრუბლები უფრო გააშავა. სხვათა შორის, ეს საავდრო ღრუბლები შოტლანდიასთან ნათამაშევი უგოლო ფრის შემდეგ დაბრუნდა, პირდაპირი და გატანითი მნიშვნელობით. გვახსოვს იმ დღეს ‘“უემბლიზე“ როგორ წვიმდა.

მაგრამ, საუთგეიტმა დაამტკიცა, რომ იცის, რასაც აკეთებს. ამას მან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, ზოგადად ნაკრების ძველ შეცდომებზე დაკვირვებით მიაღწია.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ხორვატიამ ინგლისს მოუგო. მაშინ ბრიტანელებმა მოედნის ცენტრი „დაკარგეს“ და ეს დამღუპველი გამოდგა მათთვის.

ახლა, ევროს პირველ მატჩში, იმავე ხორვატებთან, მან ნახევარდაცვაში დეკლან რაისი და კელვინ ფილიპსი დააყენა, არცერთი იყო ძირითადის მოთამაშე, მაგრამ ექსპერიმენტმა გაამართლა, მათ შესანიშნავად გაართვეს თავი ამოცანას შუა ხაზში და ინგლისელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მანამდე მათ არასოდეს მოეგოთ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში. ესეც რეკორდი.

ჩეხების წინააღმდეგ მან სასტარტოში „არსენალის“ ჭაბუკი ბუკაიო საკა დააყენა და გარშემო ყველა გაკვირვებული დატოვა. მაგრამ ჩანაფიქრმა კვლავ გაამართალა, საკომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და უეფამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

რაჰიმ სტერლიგს პეპ გვარდიოლა ბოლო დროს იშვიათად ათამაშებდა „სიტის“ ძირითადში, საუთგეიტმა კი ის ლამის მთავარ შეტევად აქცია და აქაც გაუმართლა, რაჰიმმა ინგლისელთა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა ტურნირზე.

გერმანიის წინააღმდეგ გარეთმა ტაქტიკური მოქნილობის მაგალითი გვიჩვენა, როცა 3-5-2 სისტემით დაიწყო და შემდეგ 4-3-3-ზე გადაეწყო. ეს სქემები მას ადრეც გამოუყენებია. საინტერესო იყო ცქერა, რა კომფორტულად გადავიდნენ ფეხბურთელები ერთიდან მეორე სქემაზე.

შედეგად, 1966 წლის შემდეგ, ინგლისელებმა გერმანია პირველად დაამარცხეს დიდი ტურნირის ფლეი ოფში. ესეც რეკორდი.

უკრაინასთან მეოთხედფიმალში, აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს და ჰარი კეინმა მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში. ხუთი წლის წინათ, ევრო 2016-ზე ინგლისელები ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ, როცა უეინ რუნიმ ასევე მეოთხე წუთზე გაუტანა ისლანდიას. მაგრამ უპირატესობა, ბურთის კონტროლი ვერ შეინარჩუნეს და სკანდინავიელებმა ორ წუთში გაათანაბრეს, შემდეგ კი ჯო ჰარტის მიუტევებელმა შეცდომამ, ინგლისს ისტორიაში ყველაზე დამამცირებელი მარცხი აწვნია. ამან როი ჰოჯსონის გადადგომა გამოიწვია.

საუთგეიტმა ამ მატჩის შესახებ უამბო ნაკრების ფეხბურთელებს, როგორც გაკვეთილი. ამიტომაც, უკრაინასთან ადრეული გოლის შემდეგ, მთავარი იყო თამაშის კონტროლი არ დაეკარგათ და ეს წარმატებით შეძლეს. ყველას უჩვენეს, რომ უკვე მეტად მოწიფულები არიან.

„ლომებს“ ტურნირის განმავლობაში გოლი არ გაუშვიათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაცვის საიმედოობას. ჯერ არასოდეს ყოფილა, ვინმეს ტიტული გოლგაუშვებლად მოეგოს. ევრო 2012-ზე ესპანელებმა მხოლოდ ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. თუმცა, მაშინ ტურნირზე ერთი შეხვედრით ნაკლებს ატარებდნენ.

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის ნაკრები მთლიანად საუთგეიტის „ნავშია.“

ახლა მას დანიასთან ნახევარფინალზე აქვს ბევრი საფიქრი. დიახ, თამაში ლონდონშია 7 ივლისს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში, დანიელებმა 1:0 მოუგეს „უემბლიზე“ კაცნაკლულ ინგლისელებს. მაშინ ჰარი მაგუაირი გააძევეს ნაადრევად.

და კიდევ, სწორედ „უემბლიზე“ დაიწყო ფანტასტიკური „დანიური დინამიტის“ ისტორია, როცა ალან სიმონსენის ზუსტმა პენალტმა ინგლისელები ევრო 84-ს მიღმა დატოვა.

0.150833