ფეხბურთი

22:57 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "დინამო ბათუმს" გადაასწრო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ლიდერიც შეიცვალა.

„დინამო ბათუმმა“ ვერ მოიგო და ამით „დინამო თბილისმა“ შესანიშნავად ისარგებლა. ბათუმელებმა აჭარულ დერბიში „შუქურას“ უმასპინძლა, რომელიც მეორე წრეში 8:1 ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ ახლა თამაშს სხვა სცენარი ჰქონდა და მარცხს ბოლოსკენ გადაურჩა.

პირველ ტაიმში „შუქურა“ მიშიკო სარდალიშვილის გოლით დაწინაურდა, ტაიმის ბოლო წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა. გიორგი შაშიაშვილის გუნდი მეორე ტაიმის შუაში დაწინაურდა ლაზარე კუპატაძის ავტოგოლით, რომელსაც ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი თავში მოხვდა და კარში აღმოჩნდა. გია გეგუჩაძის გუნდს ქულა გიორგი ზარიამ გადაურჩინა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე საჯარიმო დარტყმა დიდებულად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

კონკურენტის წაფორხილებით „დინამო თბილისმა“ ისარგებლა და ქართულ დერბიში „ტორპედოს“ აჯობა. ქუთაისში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი გიორგი კუციას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. კახა ცხადაძის გუნდმა 41 ქულა დააგროვა და ქულით გაასწრო „დინამო ბათუმს“, რომელსაც სხვათა შორის, 1 ივლისს თბილისში უმასპინძლებს.

კიდევ ერთი მატჩი „ლოკომოტივსა“ და „თელავს“ შორის გაიმართა და ბევრისთვის მოულოდენლად კახელებმა მოიგეს. „ლოკო“ ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო, მაგრამ გიორგი მიქაძის გუნდი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა, მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა და არათუ ბოლო ადგილს, უკვე მეცხრე პოზიციასაც დააღწია თავი. „ლოკომოტივი“ კი 33 ქულით მესამე საფეხურზეა.

„ლოკომოტივი“ – „თელავი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 შეყილაძე (8), 0:2 ციცქიშვილი (37), 1:2 შონია (50), 1:3 რუხაძე (83), 2:3 სიხარულიძე (90)

„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კუცია (25)

„დინამო ბათუმი“ – „შუქურა“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 სარდალიშვილი (27), 1:1 ფანცულაია (45), 1:2 კუპატაძე (61, ა.გ), 2:2 ზარია (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122859