ფეხბურთი

23:50 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დენზელ დუმფრისი - ახალი „ნარინჯისფერი“ ვარსკვლავი

დენზელ დუმფრისის შესახებ ადრეც გაგვეგონა. ოღონდ ყურმოკვრით. პირველად მისი შესაძლებლობები საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში ვნახეთ სულ რაღაც სამი კვირის წინათ, როცა ნიდერლანდელებმა მასტერკლასი ჩაგვიტარეს.

მას მართლაც ფენომენალური სისწრაფე ჰქონია.

დაიწყო ევრო 2020 და დენზელი „ნარინჯისფერთა“ ლიდერად მოგვევლინა.

სამი მატჩიდან ორში ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. პირველ შეხვედრაში უკრაინასთან (3:2), მისი გამარჯვების ეფექტური თავური კარგა ხანს ტრიალებდა ევროპულ საინფორმაციო გამოშვებებში.

ეინდჰოვენელის დაუღალვმა მოქმედებამ, ფაქტობრივად, არარაობად აქცია ავსტრიელთა დაცვა შემდგომ შეხვედერაში (2:0). დენზელმა ერთი ბურთი თავად გაიტანა და ასევე პენალტიც მოიპოვა, რომელიც ზუსტად შეასრულა მემფის დეპაიმ.

ახლა სპეციალისტები უკვე იმასაც ამბობენ, თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდესო.

დუმფრისის დედა სურინამელია, მამა კი არუბელი (კუნძული კარიბის ზღვაში), რომელიც ნიდერლანდების სამეფოს შემადგენელი ქვეყანაა.

ის ქვეყნის სამხრეთში, ქალქაქ რონში დაიბადა, რომელიც ახლოსაა როტერდამთან.

თავიდან არაფრით გამოირჩეოდა ტოლებისგან. მაგრამ ჰქონდა თვისება, რომელიც წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია - მიზანმიმართულობა.

ჯერ კიდევ 17 წლისა, სამოყვარულო „ბარენდეხტში“ თამაშობდა, როცა არუბას ნაკრების მაისურა მოირგო და გუამის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ წარმატებისთვის გაცილებით უკეთესი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში თამაში იქნებოდა. ჯერ ასაკობრივ ნაკრბებში ასპარეზობდა. 2018 წლის 13 ოქტომბერს კი, ერთა ლიგის მატჩში, გერმანიის წინააღმდეგ, პირველად მოირგო ნარინჯისფერი მაისურა.

დენზელი თანამედროვე, ტოტალური ფეხბურთის კლასიკური წარმომადგენელია. გამძლეობა და სისწრაფე რომ დაეხვეწა, საგანგებოდ ვარჯიშობდა ლეგენდარულ ედგარ დავიდსთან და სპრინტის პირად მწვრთნელთან, ეროლ ესახასთან, რომელიც თავის დროზე ნიდერლანდელ მძლეოსნებსაც წვრთნიდა.

2018-ის ზაფხულში ის პსვ „ეინდჰოვენმა“ იყიდა 5,5 მილიონ ევროდ და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

წლეულს გაზაფხულზე, ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფრანკ დე ბურს, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა მის კვალიფიკაციაში და ორჭოფობდა, შეეყვანა თუ არა „ნარინჯისფერთა“ საევროპო განაცხადში.

ბოლოს მაინც ენდო და არც შემცდარა. ტურნირის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 25 წლის დუმფრისით უკვე „ბაიერნი,“ „ინტერი“ და „ევერტონი“ დაინტერესდნენ.

წინ კი ჩეხებთან მერვედფინალური მატჩია...

0.125367