ფეხბურთი

14:17 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი "პარმაში" წარადგინეს: "20 წელი გავიდა, მაგრამ თითქოს ყველაფერი გუშინ იყო"

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „პარმამ“ ოფიციალურად წარადგინა და მას 1-ნომრიანი მაისური გადასცეს. ჯიჯის წარდგენა „ენიო ტარდინის“ სტადიონზე შედგა, სადაც მან პრესკონფერენციაც გამართა და გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„დაბრუნების იდეა დღთიდღე ჩნდებოდა. „იუვენტუსი“ – „პარმას“ მატჩის შემდეგ პრეზიდენტ კრაუზეს ვესაუბრე, მაგრამ სხვა რამეზე. შემდეგ მან მკითხა მინდოდა თუ არა „პარმაში“ დაბრუნება. ვუპასუხე, რომ სერია B-ში უკვე მქონდა ნათამაშები და არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა, ეს კიდევ ერთხელ გამეკეთებინა. ასე იმიტომ ვუპასუხე, რომ არ მსურდა, კრაუზე ილუზიებში ჩამეგდო. „იუვეს“ მენეჯერებს ვუთხარი, რომ „პარმა“ ძალიან კარგ ხელში იყო, ამის შემდეგ დავფიქრდი დაბრუნებაზე შეთავაზებების მიუხედავად.

მქონდა ორი წინადადება ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატი გუნდებისგან, მაგრამ იქ არ ვიქნებოდი მთავარი გმირი. „იუვენტუსში“ ორი წელი ვიყავი მეორე მეკარე და აღარ მინდოდა ეს როლი მქონოდა. „პარმაში“ შეგვიძლია მნიშვნელოვანი მომავალი ავაშენოთ. ბევრს ეს ავიწყდება, მაგრამ „პარმა“ იტალიაში მეოთხე გუნდია საერთაშორისო ტიტულებით და ჩვენი ფეხბურთს სამ გრანდს ჩამორჩება და ევროპაში მგონი მე-16 ადგილზეა.

„იუვენტუსი“ ახლაც ისე მიყვარს, როგორც 20 დღის წინ და როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში. „იუვე“ იყო ჩემი კურთხევა და მასწავლა მუშაობის კულტურა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი. პატივისცემა და სიყვარული, რომელიც წლების განმავლობაში განვიცადე გულშემატკივრებიდან პრეზიდენტამდე განუზომელია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შეიძლება იყოს ჩემი მიზანი. მჯერა, რომ მწვრთნელი მანჩინი ძალიან კარგად მუშაობს, უნდა ჰქონდეს სიმშვიდე და დაურეკოს იმ მოთამაშეებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა. სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზანი. მე მინდა, რომ 2023 წლამდე მაღალ დონეზე ვითამაში, ეს არის გამოწვევა, რომელსაც შევეჭიდე.

20 წლის შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ თითქოს ყველაფერი გუშინ იყო. თავს ამაყად ვგრძნობ, რადგან 20 წლის მერე ისევ მთავარ მეკარედ დავბრუნდი და ამდენი წლის შემდეგ ამის გაკეთება ძალიან ცოტას შეუძლია. ისევ სერია B-ში თამაში? არაფერი შეცვლილა. 2006 წელს ეს გავაკეთე „იუვეს“ გამო და დღეს ამას „პარმას“ გამო გავაკეთებ. დანარჩენი იგივეა, მოგებაზე 3 ქულაა, ფრეზე 1 და თუ ყველაზე ანკლებ გოლსაც გავუშვებ, სერია A-ში გადავალთ. სანამ წესები იგივე იქნება, მე სიამოვნებას სერია B-შიც მივიღებ.

ეს არჩევანი გავაკეთე „პარმას“ ფანების გამო, რომლებმაც თქვა, რომ ჩვენ ბუფონი გვყავდა. ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ, რას ნიშნავდა „პარმა“ ჩემთვის. მათ მხოლოდ „იუვენტუსში“ და პსჟ-ში ვყავდი ნანახი. მაწუხებდა, რომ არ იცოდნენ, რას წარმოადგენდა „პარმა“ ჩემთვის. როდესაც წინადადება მივიღე, ჩემი შვილი მოვიდა ჩემთან და მკითხა: „მამა, ისევ ძალიან ძლიერი მეკარე ხარ და „პარმაში“ თამაშს აპირებ?“, ამის მერე მივხვდი, რომ „პარმა“ უნდა ამერჩია”, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონის კარიერა „პარმაში“ დაიწყო და მთავარ გუნდში დებიუტი 1995 წელს ჰქონდა. იქ ჯიჯი 2001 წლამდე დარჩა, 220-ჯერ ითამაშა და სამი ტიტული მოიგო. 2001-2018 და 2019-2021 წლებში „იუვენტუსში“, ხოლო 2018-2019 წლებში „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშა. „პარმასთან“ ბუფონმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.162136