ჩოგბურთი

3:07 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა არც უიმბლდონზე ითამაშებს, მაგრამ ოლიმპიადაზე გამოსვლა სურს

იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ გამოაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო, უიმბლდონის ჩემპიონატსაც გამოტოვებს, თუმცა მისი აგენტის თქმით, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადყოფნაში იქნება.

ოსაკამ ახლახანს, საფრანგეთის ღია პირველობაზე საკუთარი კამპანია, პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ შეწყვიტა. მან უარი განაცხადა სავალდებულო პრეს კონფერენციაზე, რის გამოც, ტურნირის ორგანიზატორებმა 15 000 დოლარით დააჯარიმეს. სწორედ ამას მოყვა ოსაკას გადაწყვეტილება, მიეტოვებინა ტურნირი.

„ნაომი წელს უიმბლდონზე არ ითამაშებს. ის დროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ატარებს. მაგრამ მზად იქნება ოლიმპიადისთვის და შინაური ფანების წინაშე სიამოვნებით იასპარეზებს“, - ამბობს 23 წლის ოსაკას აგენტი.

ოსაკამ, ვისაც დიდი სლემის ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული, როლან გაროსის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ ტურნირის მსვლლობისას, მედიასთან ურთიერთობას არ აპირებდა. ამას მოყვა დიდი სლემის ტურნირების ორგანიზატორთა მიერ, გამაფრთხილებელი წერილის გამოქვეყნება, რომელშიც ისინი ჩოგბურთელს აფრთხილებდნენ, კიდევ ერთი პრეს კონფერენციის გაცდენის შემთხვევაში, მას ტურნირს დაატოვებინებდნენ და შესაძლოა, მომავალ ტურნირებზეც არ მიეწვიათ. ოსაკა ამ მუქარის შესრულებას არ დაელოდა და თავად შეწყვიტა გამოსვლა.

ოსაკას მალევე სოლიდარობა გამოუცხადეს სერენა და ვენუს უილიამსებმა, ასევე ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა და ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა. დიდი სლემის სამი ტიტულის მფლობელის, ენდი მარის დედამ ჯუდი მარიმ ოსაკას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ჩოგბურთელებს მედიისგან ყოველთვის მეტისმეტად ბევრი მოთხოვნა აქვთ, რაც მათ გამოსვლებს აზარალებს.

0.111001