რაგბი

13:51 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

U20 | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის მორაგბეები შეარჩია, რომლებიც 13 ივნისს გამთენიისას, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე სათამაშოდ გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი არ ჩატარებულა და შესაბამისად, ორი წელიწადია ჩვენს ახალგაზრდებს არსად უთამაშიათ. ჩემპიონატი 2022 წელს უნდა აღდგეს, მანამდე კი, ის მორაგბეები, რომლებსაც გაისად შეეძლებათ ჩემპიონატში თამაში, საერთაშორისო გამოცდილებას მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებენ.

პირველი ასეთი ტურნირი სტელენბოშში 18 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23-ში ურუგვაის, 28-ში კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3 ივლისს გველის და მეტოქე წინა სამი თამაშის შედეგების მიხედვით გაირკვევა. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან, მესამეადგილოსანი კი მეოთხეს ეთამაშება.

აფრიკაში გამგზავრებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნების 46-კაციანმა შემადგენლობამ „შევარდენზე“ 4-კვირიანი შეკრება გაიარა, რის შემდეგაც ტურნირისთვის 30 შეირჩა. საგულისხმოა, რომ მათგან ჩვიდმეტი 2003 წელს დაბადებული მოთამაშეა, რომელთაც ორჯერ მოუწევთ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში (2022 და 2023).

გუნდში ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე უმცროს ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკაში ვერ მიყვება, რადგან ის პარალელურად ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელია და აფრიკულ ტურნეზე მათთან ერთად გაემგზავრება. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლადო კილასონია შეასრულებს, რომელიც განვლილი შეკრებით კმაყოფილია:

„ილია მაისურაძე ამ 4 კვირის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო, თუმცა სამწუხაროდ, ტურნირზე ვერ მოდის და მოგვიანებით შემოგვიერთდება. ის ძალიან დაგვაკლდება, თუმცა მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ეროვნულ გუნდს. მთელი ამ ხნის განმავლობაში შერკინებაზე ილიასთან ერთად თორნიკე ბუბუტეიშვილი მუშაობდა და სამხრეთ აფრიკაშიც ის მოდის“.

„რაც შეეხება შეკრებას, ყველას დიდი მადლობა! იმ ბიჭებმა, ვინც ამ ეტაპზე შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, მაქსიმალური მონდომებით გაზარდეს კონკურენცია და საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი გავიარეთ. კმაყოფილი ვარ ყველათი, რადგან ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ჩვენი მიდგომაა, რომ როდესაც მოთამაშეები ერთ დონეზე არიან, აქცენტი ერთი წლით უმცროსებზე გავაკეთოთ, რადგან მათ კიდევ ერთი 20-წლამდელთა ჩემპიონატი ელით და გამოცდილებას იღებენ. ყველანი ძალიან მონდომებულები არიან და მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას. მწვრთნელებს გვაინტერესებს ვნახოთ, პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ, გაიზარდა თუ არა სხვაობა დონეებს შორის, ეს ტურნირი ამის დასანახად საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ამ ბიჭებისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილებაა და გვაინტერესებს როგორ გაართმევენ თავს წნეხს“.

„ვარჯიშებზე ხელოვნურად ვცდილობდით ტემპის აწევას, მაგრამ მაინც ერთმანეთთან გვიწევდა თამაში, საერთაშორისო მატჩებში კი მაინც სხვა ტემპი და წნეხია. ენთუზიაზმი და მონდომება არავის აკლია და ეს ტურნირი თავის წარმოსაჩენად საუკეთესო საშუალებაა. არგენტინა ტრადიციულად მაღალ ტემპში თამაშობს, შესაძლოა, ყველაზე მაღალ ტემპშიც კი. სამხრეთ აფრიკა ფიზიკურობით გამოირჩევა და სათამაშო სტილს არასდროს ცვლის, ურუგვაი კი ბრძოლისუნარიანი გუნდია და არასდროს ნებდება. ვფიქრობთ, რომ ტურნირზე სამი განსხვავებული სტილის თამაში გველოდება, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება“.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკულ საერთაშორისო სერიაზე

პირველი ხაზი: დავით გელაშვილი (ლელო), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), გიორგი მაისურაძე (ლელო), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), ირაკლი აფციაური (ლელო), ბადრი ციხისთავი (ლელო);

მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), გურამ ღანიაშვილი (ლელო), დავით არველაძე (ლელო);

მესამე ხაზი: ლაშა ციხისთავი (ლელო), რატი ზაზაძე (არმაზი), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), პაატა გალდავა (აია);

9: კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი კურტანიძე (ლელო), ლუკა არჩვაძე (ლელო);

10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები);

12-13: ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), თორნიკე კახოიძე (ლელო),გიორგი ჩიქოვანი (ლელო);

11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა კვენეტაძე (ლელო), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები);

15: ვაჟა მიქაძე (ლელო), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), საბა არჩვაძე.

RUGBY.GE

0.117702