ფეხბურთი

10:22 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: მიქაუტაძის იდეალური დასაწყისი და გამარჯვება ბევრი წუნის ფონზე

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ტაბუ მოიხსნა და მერვე ცდაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზოგადად, ამ შეხვედრაში ბევრი რამ მოხდა პირველად: რუმინეთის ძლევა, გიორგი მიქაუტაძის და გიორგი აბურჯანიას გოლები და ვილი სანიოლის ქართული გამარჯვება. WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

ლაზარე კუპატაძე 7 – „დინამო ბათუმის“ მეკარეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ამიტომაც, ეს შეფასება დაიმსახურა, რადგან სადებიუტო ღელვა და ნერვიულობა არ ეტყობოდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი ნედელჩარუს პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაული ბურთი აუღო.

გრიგოლ ჩაბრაძე 6 - მას ნამდვილად არ ჰქონია საუკეთესო თამაში. დაცვაში პრობლემების გარეშე არ ყოფილა. თუმცა, ბრძოლისუნარიანობა აჩვენა და პირველი ტაიმის ბოლოს სწორედ მასთან უხეშობისთვის რუმინელები კაცნაკლულები დარჩნენ. მეორე საგოლე შეტევაც მან დაიწყო და პირველი ფაზა მისი კარგი თამაშის დამსახურებაა.

სოლომონ კვირკველია 5 - ცალსახაა, რომ საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. ორი ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი აიკიდა და ეს მის თამაშზე ძალზე უარყოფითად აისახა.

დავით ხოჭოლავა 5 - კარგი თამაში არც მას ჰქონია. ხშირად მისი ზონა ცარიელი იყო. ასე გახლდათ გოლის მომენტშიც, როცა ივანი საჯარიმოში აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ იყო.

ირაკლი აზაროვი 6 - მას დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში და მკაცრად არ უნდა შევაფასოთ. ახალგაზრდა მცველს დაცვაში პრობლემები ჰქონდა რუმინელები მისი ზონიდან ხშირად უტევდნენ. ამის მიუხედავად, პირველი საგოლე შეტევა მისი დიდებული პასით დაიწყო.

მურთაზ დაუშვილი 5 - ჯაბა კანკავას არყოფნაში ის თამაშობს, მაგრამ ბევრი წუნი ჰქონდა. ხშირად, აგვიანებდა მარტივ სიტუაციებში პასის გაკეთებას და შეტევების ჩაშლაც გაუჭირდა.

გიორგი აბურჯანია 6.5 - ნახევარდაცვის ცენტრში ის ნამდვილად საუკეთესო იყო. არა მარტო გოლის გამო. გოლი, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო და დიდებულიც გამოვიდა. შეტევა თვითონ დაიწყო, კარგად წარმართა, კარგად გაიხსნა და ზუსტად დაასრულა.

ვაკო გვილია შ.გ - მან მხოლოდ 10 წუთი გაატარა მოედანზე.

ნიკა კვეკვესკირი 5 - მოედანზე მისი არყოფნა ხშირად არ იგრძნობოდა. ვლადიმირ ვაისის დროს შეუცვლელი იყო, მაგრამ ვილი სანიოლის ფორმაციაში მას დამკვიდრება უჭირს.

ოთარ კიტეიშვილი 6 - შეიძლებოდა უფრო მაღალი შეფასება მიეღო. პირველ გოლში მისი უდიდესი წვლილია და მარცხენა ფლანგზე ფანტასტიკურად ითამაშა. ცოტა ხანში დაახლოებით იმავე ზონიდან დუბლთან ახლოს იყო, მაგრამ სუსტად დაარტყა. ეს ეპიზოდი უფრო პასის გაკეთებას მოითხოვდა.

ლევან შენგელია 5 - ლევანსაც თამაში არ წაუვიდა და 57 წუთის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდა.

საბა ლობჟანიძე 6.5 - მან შენგელია შეცვალა და ბევრად პროდუქტიული გახლდათ. საგოლე პასიც ჩინებული იყო, დროული და უზუსტესი.

თორნიკე ოქრიაშვილი 5.5 - ნაკრებს მან უკაპიტნა. დასაწყისშივე შედევრალურ გოლთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ შეასრულა. მთლიანობაში, როგორც შენგელია, მასაც გაუჭირდა რუმინელი მცველების წინააღმდეგ.

გურამ კაშია 6 - კვირკველიას გაძევების შემდეგ თამაშში ჩაერთო და რამდენიმე ეპიზოდი განმუხტა.

გიორგი მიქაუტაძე 6.5 - მას პრაქტიკულად დებიუტი ჰქონდა, ძირითადში პირველად ითამაშა. რიგ ეპიზოდში დაკარგული იყო, თუმცა, ეს უფრო იმის ბრალი იყო, რომ უბურთოდ უწევდა ყოფნა. მერე კი, მაგარი გოლი გაიტანა, შესრულება უმაღლესი დონის იყოს. დასაწყისი შესანიშნავია.

ბუდუ ზივზივაძე შ.გ - მან ბოლო 10 წუთი ითამაშა, თამაშის მიწურულს გოლთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ გაიტანა.

0.113261