სხვა

3:36 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეგან ბერნალს ჯიროს ტიტულამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა

ჯირო დ’იტალია დასასრულს მიუახლოვდა და როგორც ჩანს, კოლუმბიელ ეგან ბერნალს ხელს ვეღარაფერი შეუშლის, რომ თავის კარიერაში, მეორე ველომარათონის ჩემპიონი გახდეს. ბოლოსწინა ეტაპი კი, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი იყო მიმდინარე ჯიროზე, იტალიელმა დამიანო კუნეგომ მოიგო.

ბოლო აღმართზე, რომელმაც ველომრბოლები მთა ალპე მოტამდე აიყვანა, კარუზომ (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) და ფრანგმა რომან ბარდემ (ტიმ DSM) შეუტიეს. ფინიშამდე ხუთი კილომეტრი რჩებოდა, როცა კარუზო დაწინაურდა და რბოლაც პირველმა დაასრულა.

ბერნალი (ინეოს გრენადერსი) კარგა ხანს თანაგუნდელებთან ერთად, პელოტონის სათავეში იყო და ტემპს აკონტროლებდა. ბოლო აღმართზე მან ფეხს აუჩქარა და საბოლოოდ, ფინიშს მეორემ მიაღწია, გამარჯვებულთან 24-წამიანი ჩამორჩენით. კარუზომ კლასიფიკაციაში სწორედ ამდენით შეკვეცა ბერნალთან ჩამორჩენა, მაგრამ მასთან წუთსა და 59 წამს მაინც აგებს, რისი აღმოფხვრაც ბოლო ეტაპზე - დროზე ინდივიდუალურ რბოლაში გაუჭირდება.

მესამე ადგილზე კვლავ ბრიტანელი საიმონ იეიტსია (ტიმ ბაიკექსჩეინჯ), თუმცა რაც წინა ეტაპზე მოიგო, ამჯერად უკან თითქმის სრულად დააბრუნა და ბერნალთან ისევ სამ წუთზე მეტს აგებს. მეოცე ეტაპი მესამე ადგილზე ბერნალის თანაგუნდელმა და თანამემამულე დანიელ მარტინესმა დაასრულა. ვისთან ერთადაც, ფინიშს ბარდემაც მიაღწია.

„ჩვენ ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეკონტროლებინა დღეს რბოლა. ჩემმა თანაგუნდელებმა შესანიშნავად იმუშავეს. მე მათი მადლიერი ვარ. წაგების შიში მქონდა. ფეხებმა და თანაგუნდელებმა არ მიმტყუნეს, მაგრამ წინ კარუზო იყო, ვინც ჩემი მეტოქეა. როცა მისმა უპირატესობამ 30-40 წამს მიაღწია, მაშინაც თავს კარგად ვგრძნობდი. მეშინდა, რომ ფინიშამდე ძალა არ მეყოფოდა და უფრო მეტს წავაგებდი, რის გამოც, ბოლო ეტაპზე ბრძოლა მომიწევდა“, - განაცხადა ბერნალმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064802