ფეხბურთი

20:53 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "სანიოლი მენტალიტეტის გამო შევარჩიეთ, კვარაცხელიას ვარსკვლავობისთვის ყველაფერი აქვს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გერმანულ გამოცემა BIld-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელიც ძირითადად ვილი სანიოლზე საუბარს ეხებოდა.

თუმცა, სანიოლის გარდა, იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივებსა და აგრეთვე, გერმანიაში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა:

- თქვენ ხართ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნულ ნაკრებზე პასუხისმგებელი - საქართველოს ოლივერ ბირჰოფი ხართ და ვილი სანიოლი დანიშნეთ მთავარ მწვრთნელად. ვინ უფრო ცდილობდა ერთმანეთის დარწმუნებას?

- არცერთი. ორივე სწრაფად დავრწმუნდით ყველაფერში. რამდენჯერმე მქონდა საუბარი ვილისთან, მაგრამ პირველივე საუბრის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ზუსტად ჩვენთვის შესაფერისი ადამიანია.

- რატომ?

- ვილის მწვრთნელობაშიც იგივე მენტალიტეტი აქვს, როგორიც ფეხბურთელობისას ჰქონდა. მას ყველა თამაშის მოგება სურს და მეტოქის არ ეშინია. მისი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე გუნდს წარუმატებლობის შემდეგაც ანიჭებს სიმშვიდეს და აძლიერებს.

- ესე იგი, სანიოლმა საქართველოში "ბაიერნის" მენტალიტეტი ჩამოიტანა?

- აბსოლუტურად! ჩვენი იდეაც ეს იყო. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან მნიშვნელოვანია მიიღონ თვითრწმენა, რომ ნებისმიერი მეტოქის ძლევა შესაძლებელია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც ყველა თამაშში უნდა გვქონდეს.

- როგორც ამბობენ, ქართველმა სუპერტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე ტოპკლუბის ყურადღება მიიქცია. მისმა აგენტმა იწინასწარმეტყველა, რომ "რეალში" ან "ბაიერნში" მოხვდებოდა. აქვს თუ არა ხვიჩას ისეთი თვისება, რათა ასეთ გუნდებში თავი გამოიჩინოს?

- დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას შეუძლია ნებისმიერი ტოპგუნდის გაძლიერება. მაგრამ, ძნელი სათქმელია უნდა გადავიდეს თუ არა პირდაპირ ისეთ გუნდში, როგორიცაა "ბაიერნი", თუ შუალედური ნაბიჯის გადადგმა სჭირდება მეტი პრაქტიკისა და გამოცდილების მისაღებად. ჩემთვის ერთი რამ ცხადია: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ვარსკვლავი გახდეს. ყოველთვის, როცა ვუყურებ როგორ ვარჯიშობს, აღფრთოვანებული ვარ მისი დაუჯერებელი ნიჭით.

- რით გამოირჩევა?

- კვარაცხელია სუპერდრიბლიორია, ადვილად ატყუებს მეტოქეს ერთი-ერთზე, ყოველთვის ცდილობს სწრაფად თამაშს, ვინაიდან ძალიან სწრაფია. გარდა ამისა, კარის წინ ცივსისხლიანია, დიდ მეტოქეებსაც უტანს გოლებს, როგორც მარტში, ესპანეთის ნაკრებთან გააკეთებს. ის ბევრს მუშაობს გუნდისთვის და დაცვაშიც ეხმარება.

- როგორც შემტევი, შენ თვითონ გერმანულ ფეხბურთში იყავი დიდი ხნის განმავლობაში და პირველ ორ ლიგაში 438 თამაში ჩაატარე. ამჟამად რატომ არავინ თამაშობს ქართველებიდან ბუნდესლიგაში?

- არ ვიცი და ძალიან მწყინს ეს მდგომარეობა. ეს უაღრესად გაზრდიდა ჩვენი ნაკრების ხარისხს, რაც მეტი ფეხბურთელი გვეყოლებოდა ტოპლიგებიდან. მაგალითად, კვარაცხელია ბუნდესლიგაში გადასვლის შემთხვევაში, კარს სხვებსაც გაუღებს. როდესაც ვთამაშობდი, ქართველი ფეხბურთელების ყველაზე დიდი პრობლემა მენტალიტეტი იყო, ყველაფერს მარტივად ვუყურებდით. ახალი თაობა უფრო მოწესრიგებული, მენტალურად უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ ვიყავით. ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ რამდენიმე "ვილი" თამაშობდეს მალე ბუნდესლიგაში, როგორც "ფრაიბურგში" ვიყავით 20 წლის წინ, მე ლევან ცქიტიშვილი და ლევან კობიაშვილი.

- თქვენ "ფრაიბურგში" გმირი იყავით, 10 წლის განმავლობაში კლუბის ერთგული. არასდროს გქონიათ ბუნდესლიგაში უფრო ძლიერი გუნდებიდან შეთავაზებები?

- დიახ, მქონდა, ბევრი, თუნდაც ტოპკლუბებიდან.

- კონკრეტულად რომელი გუნდებიდან?

- არ ვიტყვი. თუმცა, ჩემი მაშინდელი მწვრთნელი ფოლკერ ფინკე ყოველთვის ახერხებდა დარჩენაში ჩემს დარწმუნებას. რამდენჯერმე ერთნაირი სიტუაცია შეიქმნა: მის კაბინეტში შევედი და ვუთხარი, რომ უნდა წავიდე. მოკლე დიალოგის შემდეგ კაბინეტიდან გამოვდიოდი და ახალი კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა. დღეს ვიტყვი, რომ ტრანსფერი კარგი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან სხვაგან მეტის მიღწევა შემეძლო.

შეგახსენებთ, ალექსანდრე იაშვილი გერმანიაში 1996-2913 წლებში თამაშობდა "ლიუბეკის" (1996-1997), "ფრაიბურგის" (1997-2007), "კარლსრუეს" (2007-2012) და "ბოხუმში" (2012-2013) თამაშობდა.

0.120456